ირაკლი კობახიძე: ნაციონალურ მოძრაობას, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილს და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ – ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა

ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილსა და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს.

“2017 წლის ისტერიული კამპანიის ფონზე, სტრასბურგის სასამართლომ გამოიყენა დროებითი ზომა, რითაც ტელეკომპანია რუსთავი 2-ის კანონიერი მფლობელის საკუთრებაში დაბრუნება 2 წლით შეჩერდა. ამ გადაწყვეტილებამ გვარამიას მისცა შესაძლებლობა, ტელეკომპანია კიდევ რამდენიმე მილიონით გაეძარცვა. ამით, რადიკალურმა ოპოზიციამ, მაშინდელმა პრეზიდენტმა, მაშინდელმა სახალხო დამცველმა, ენჯეოებმა და უცხოელმა ლობისტებმა სტრასბურგის სასამართლო უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს. თუმცა, სასამართლოსთვის დღემდე ბოდიში არავის მოუხდია.

2019 წელს, სტრასბურგის სასამართლომ სრულად დაადასტურა ქართული სასამართლოს გადაწყვეტილების მართლზომიერება, რითაც მან „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორებისა და ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია გააშიშვლა და ისინი სიცრუეში ამხილა. თუმცა, ამის შემდეგ მათ ბოდიში არ მოუხდიათ უზენაესი სასამართლოს 9 მოსამართლისთვის, აგრეთვე პირველი და მეორე ინსტანციის 4 მოსამართლისთვის, რომლებსაც 2 წლის მანძილზე უმძიმეს შეურაცხყოფას აყენებდნენ. შეგახსენებთ, რომ გვარამიას მხრიდან მოსამართლე თამაზ უთმელიძის სამარცხვინო „ბულინგი“ სტრასბურგის სასამართლომ საგანგებოდ დაგმო.

სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის სატელიტებს, ენჯეოებს, მარგველაშვილსა და უცხოელ ლობისტებს 2019 წელს ბოდიში არ მოუხდიათ არც ქართული საზოგადოებისთვის იმის გამო, რომ სრულიად ურცხვი, უტიფარ სიცრუეზე აგებული კამპანია აკადრეს.

ახლა კი, ზუსტად იგივე ადამიანები აწარმოებენ ახალ ისტერიულ კამპანიას იმისათვის, რომ რუსთავი 2-ის კანონიერმა მფლობელმა კუთვნილი 7 მილიონი ვერც ახლა დაიბრუნოს. ეს კამპანია ერთმნიშვნელოვნად უნდა შეფასდეს, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობა, რომელიც პოლიტიკური მოტივით არის ნაკარნახევი. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ წინაა სასამართლო განხილვა სისხლის სამართლის საქმეზე აპელაციისა და კასაციის წესით, აგრეთვე სამოქალაქო დავა, რომლის საფუძველზეც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა უკანონოდ წართმეული 7 მილიონი უნდა დაიბრუნოს. ბუნებრივია, ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ისტერიას და მოსამართლეების „ბულინგს“ მათ სამომავლო გადაწყვეტილებებზე გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლია. შესაბამისად, ამ „ბულინგს“ სათანადო პასუხი უნდა გაეცეს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები