„ხატვა სულის ხმაა, რომელსაც არასოდეს ვუღალატებ“ – „ფანქრით  ნახატი ფერწერა“, ომის უჩვეულო მინიშნებებით…

ბავშვობიდან ხატავს. ხელოვნება ყოველთვის იყო მისი სულის შინაგანი  გამოძახილი.  „ფანქრით  ნახატი ფერწერა“ შეარქვეს მეგობრებმა მის ნამუშევრებს, თითოეული მონასმის მიღმა იმხელა ემოცია, სინაზე და  შინაარსია,  საფიქრალი დიდხანს გაგყვება.
ამბობს, რომ წინასწარ არასდროს იცის, რას დახატავს, მუშაობის პროცესში იბადება თითოეული ფიგურა, იქნება ეს, იდუმალი ქალბატონი,  იეროგლიფების მსგავსი სულის ლაბირინთებით  გასაშიფრად,  „სევდიანი ყვავილი“ თუ „მშვიდი სვლა“. – თვითნასწავლი ხელოვნის ლიკა ბაქრაძის პერსონა.

– ბავშვობიდან  საღებავების სუნში გავიზარდე. შემდეგ სულ ვხატავდი… იცით 90-იანი წლების გაჭირვება, ხატვის მასალის ფულიც არ მქონდა, მაინც ვახერხებდი, მეხატა… ნახატებს კი არავის ვაჩვენებდი.
ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პიკასომ. პატარა ასაკში პიკასოს ნამუშევარი –  ტანმოვარჯიშე გოგონა გადავხატე (მაგრამ ზოგადად არასოდეს გადამიხატავს არავინ)… ამან გააძლიერა ჩემი წარმოსახვის უნარი, პიკასო ერთადერთი მხატვარია, რომელსაც ვაღმერთებ.
– განსხვავებული გრაფიკული ნამუშევრები გაქვთ – ნაზი, ჰაეროვანი, ორიგინალური, დახვეწილი… როგორ ხატავთ? შთაგონებას რა გაძლევთ?
–  ძალიან კრიტიკული ვარ, სანამ ნახატს სრულყოფილად არ ჩავთვლი, თითქმის დასრულებულად არ ვთვლი, დამიხევია. ახლა უფრო თავს ვიკავებ.  ძალიან ბევრი გავანადგურე.
ძველი ნახატებიდან არაფერი შემომრჩა, მხოლოდ ბოლო წლების ნამუშევრებს ვაქვეყნებ „ფეისბუქზე“.
თქვენი პერსონაჟები ღრმად შინაარსიანი და სულში ჩამწვდომია, დიდი ემოცია მოაქვთ,  იდუმალებით და იეროგლიფებით… წინასწარ თუ იცით, რას დახატავთ თუ ხატვის პროცესში იკვეთება გამოსახულება?
– წინასწარ არასოდეს ვიცი,  რას დავხატავ, როცა ვჯდები სახატავად, ხატვის პროცესში ვხვდები, რა ფიგურები შეიქმნება… ხშირად ეს ყველაფერი  თავისით დახატულა და მერე დამინახავს ფიგურები, თითქოს მე არ დამიხატავს, საიდანღაც გაჩნდნენ თავისით.
როცა ვათვალიერებ, დადებითი ენერგეტიკით მავსებს ჩემი ნახატები. კრიტიკული კი ყოველთვის ვიყავი… ერთი ჩვევა მაქვს –  ძალიან ორიგინალური, განსხვავებული რამ უნდა გავაკეთო, რაც არ მინახავს სხვის ნახატებში.

„სიკეთის მარცვლები“

ეს ნატურმორტები არ არის ჩვეულებრივი – ისწავლე, დახატე და გაყიდე. ხატვა სულ სხვა რაღაცაა, სულიერი, ძალიან ამაღლებული. ძლიერი სულიერი კავშირია, რომლის დროსაც ძალიან ბევრი უცხო ფიგურა  მოდის. საიდან მოდის? ხანდახან მე თვითონ მიკვირს, საიდან იბადება?
საჭიროა დიდი ფიქრის აზროვნების ჩართვა, რომ შეუხამო ეს ფიგურები ერთმანეთს და რაღაც დაიცვა.  ეს არის ბრძოლა წესების გარეშე, არ ვემორჩილები წესებს, აქ, ფურცელზე, უნდა ვიყო თავისუფალი. ყოველთვის ახალს ვეძებ, ძალიან მიყვარს სიახლის შეტანა.
ცხოვრებაში ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მაგრამ ფურცელთან როცა მივდივარ, იქ უკვე ძალიან სხვანაირი ვხდები. ისე ჩვეულებრივი, თავმდაბალი ადამიანი ვარ. მიყვარს განმარტოება…
– ომი და ხელოვანი… როგორია ახლა თქვენი განწყობა, როცა უკრაინაში ომია…
– რაც ომი დაიწყო, ფსიქოლოგიურად ყველა ნორმალური ადამიანი დავითრგუნეთ, თუ დავხატავ, მინდა, რომ  ორ ფერში – უკრაინის დროშის ფერებში დავხატო. ამ პროცესში ყველა ხელოვანი  უნდა იყოს ჩართული, დუმილი დანაშაულად მიმაჩნია.
6 თვით ადრე ინტუიციით  დავხატე სლავური გარეგნობის ქალები, სამხედრო ფორმით შეიარაღებულნი. ინტუიცია მაქვს განვითარებული, რაღაც საშიშროება ვიგრძენი.უკრაინის ომი ჩვენი ომიცაა… თუ ყველა გაერთიანდება და ბევრნი ვიქნებით, ეს ძალიან კარგი იქნება.
ომშიც ხატავენ ჯარისკაცები, მღერიან მომღერლებიც ლამაზ სიმღერებს, წერენ ლექსებს პოეტები ლამაზ დღეებზე, ომშიც უკრავენ როიალზე მუსიკოსები, ომშიც სჯერათ, დაბრუნდებიან და არ ტირიან, როცა სტკივათ ჭრილობა…
– თქვენს ერთ ნახატზე  გამოსახულნი არიან ჯარისკაცები და ქალი, რომელსაც მხარზე ქვა ადევს…
აქაც ომის მინიშნებაა. რატომღაც მომინდა ჯარისკაცების დახატვა…
რა არის თქვენთვის ხატვა?
– ხატვა ჩემთვის პატარა არსებაა, რომელიც არავის უჩუქებია, ჩემით გავზარდე, ხატვა ყოველთვის ყველაზე მაღლა მქონდა დაყენებული, რომ არასოდეს ვუღალატებდი, უკვე მიეჩვივნენ ჩემი მეგობრებიც და „ფეისბუქზე“ ელოდებიან ახალ ნახატებს. ეს რომ არ გავაკეთო, არ შეიძლება.
ხატვა ჩემთვის სხვა რამეა, არც ჰობია და არც შემოსავლის წყარო. ეს უფრო სულის ხმაა, რომელსაც ვიცი, რომ არასოდეს არ ვუღალატებ. ჩემი შინაგანი თავისუფლება უფრო არის. ამის პირობა ჯერ კიდევ ბავშვობიდან დავდე, სიყვარულთან ერთად გაჯერებული… ერთადერთი ვარ ალბათ, საბანგადაფარებულს ნათურით რომ უხატია ღამის საათებში. თითქოს ერთად უნდა გადავრჩენილიყავით მე და ხატვა იმ გარემოში…

„ნატვრის ხე“

თექაზე დადიოდით…  როგორ შეიქმნა „ნატვრის ხე“…
– „ნატვრის ხე“. თექა… ყველაფერი, რაც უკავშირდება თექას, დღეს ვფიქრობ, რომ ეს ჩემი ცხოვრების საჩუქარია, უნდა დამეხატა ძალიან ლამაზი მწვანე ხე. წინასწარ არ ვიცი, რა უნდა დამეხატა. პროცესში დაიბადა ისეთი, რა სახითაც დასრულდა…
მეძვირფასება თექის  ნამუშევრები, თუნდაც კონკიას ნამუშევარი თექაში. მერე უკვე შეიქმნა ბროშები, ტანსაცმლის ნაკეთობანი, სამკაულები…
კორონავირუსი, კარანტინი… დადებითად იმოქმედა თქვენზე თუ უარყოფითად?
– კორონავირუსი კლინიკაში ძალიან რთულად გადავიტანე ფილტვის ორმხრივი ანთება მქონდა, მაშინ არაფრის გაკეთება არ შემეძლო. ნოემბრის თვიდან თითქმის არაფერი გამიკეთებია…
– ოჯახი…
– მყავს მეუღლე, ერთ გოგო, რომელიც  არ ხატავს, სიძე – გიორგი და ორი წლის და რვა თვის შვილიშვილი ანდრია.
– ჰობი…
– ძალიან მიყვარს მუსიკა.  ბროშები, ნაკეთობები და მუსიკა, რომელიც ძალიან ახლოსაა ჩემთან…
დაბოლოს, ვიტყოდი, რომ ყველაფერი უნდა აკეთო ძალიან დიდი სიყვარულით, მაქსიმალურად დაიხარჯო და განიტვირთო  ბოლომდე, თუ ეს არ გაქვს, თუ არ იწვი შემოქმედებითად, ალბათ არაფერი არ გამოვა.

„ქუდი“

                                                                       

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები