ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბრიუსელში ევროკავშირის შეთავაზება მიმდინარე წლის ბოლომდე რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვა და ქვეყნის უდიდესი ბანკის, Sberbank SWIFT-ის საერთაშორისო გადახდების ქსელიდან ამოღება იყო.
„დღეს შეთანხმების მიღწევის მცდელობა არც კი იყო დღის წესრიგში, რადგან ვიცოდით, რომ ეს შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ გვქონდა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია იმ მიზეზების შესახებ, რის გამოც ზოგიერთი წევრი ქვეყანა თავს იკავებს – არა მხოლოდ ნავთობის აკრძალვის, არამედ სანქციების პაკეტის სხვა ელემენტების შესახებ“, – განაცხადა ბორელმა.
ამასთან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებით, უკრაინას იარაღის შესაძენად დამატებით 500 მილიონ ევროს გამოუყოფენ.