ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკა გვარამია მოინახულა

საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია მოინახულა.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ საქმეზე საბოლოო შეფასებას სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესწავლის შემდეგ გააკეთებს.

„ნიკა გვარამიას თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მოხდა მიზანმიმართულად სწორედ დღეს და ამ დროს, რათა ეს ყოფილიყო ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. ეს არის მისი პოზიცია“, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, კანონიერების პრინციპი დაირღვა, როდესაც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რომელიც საერთოდ არ ითვლება დანაშაულად.

„ვფიქრობ, რომ კანონიერების პრინციპი არის დარღვეული, როდესაც ადამიანს მიესაჯა, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დადგა იმ ქმედებისთვის, რაც არც ქართული სასამართლო პრაქტიკით, არც ევროპული, არც ამერიკული, არც ბრიტანული სასამართლო პრაქტიკით ამ ტიპის გადაწყვეტილებები და ქმედებები იმ ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც ვსაუბრობთ, საერთოდ არ ითვლება დანაშაულად. ამიტომ ვერ გეტყვით, რა შეიძლება, გაკეთდეს, სამართლებრივად ალბათ უნდა გასაჩივრდეს“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

შეგახსენებთ, რომ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები