ქადაგიშვილი – გვარამიას სასჯელზე: პოლიტიკური დაკვეთა არ იყო, როცა სასამართლომ მელაძისა და ჟორჟოლიანის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და ახლა არის?

სასამართლოსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის, მუშა კაცის საქმიანობა დასჯადია? – ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა “რუსთავი2”-ის საქმეზე ნიკა გვარამიასთვის გამოტანილ სასჯელზე კომენტირებისას განაცხადა.

დეპუტატის თქმით, კორუფცია და დანაშაული თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დამთავრებული.

„ეს საქმე ეხება ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულს. მას არანაირი კავშირი არ აქვს მედია საქმიანობასთან და სიტყვის თავისუფლებასთან.

როცა „რუსთავი 2“-ის დავა მიმდინარეობდა, მაშინ საპროტესტო აქციები ეწყობოდა და საუბარი იყო, რომ ეს დავა პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა მედიაზე ზეწოლას. „რუსთავი 2“-ის საქმეზე სამივე ინსტანციის სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ამის შემდეგ სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს სამივე დონის სასამართლოს სისწორე დაადასტურა და ტელევიზია კანონიერ მფლობელებს დაუბრუნდა. აქაც გამოირიცხა პოლიტიკური ნიშნით სასამართლოს გადაწყვეტილება. დღესაც დაახლოებით, ანალოგიური სურათი გვაქვს, რადგან სხვა, კერძო კომპანიაში „რუსთავი 2“-დან შვიდი მილიონი ლარის ამოღებასა და გადაქაჩვას ჰქონდა ადგილი და ამ კუთხით „რუსთავი 2“-ის დაზიანებას.

სასამართლო ამბობს, რომ მოხდა თანხების უკანონოდ გადაქაჩვა და კერძო მიზნებისთვის განკარგვა. ალბათ, სასამართლო განხილვები ზედა ინსტანციებში გაგრძელდება და სასამართლო კანონისა და ობიექტური მოცემულობებით იხელმძღვანელებს. სასამართლო ხელისუფლებაზე დაუსაბუთებელი და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც დაინახეს, რომ სასამართლო გამოვიდა სააკაშვილისა და ადეიშვილის ზეგავლენიდან, დაიწყო დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება.

პოლიტიკური დაკვეთა არ იყო, როცა სასამართლომ მელაძისა და ჟორჟოლიანის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო? ანუ, ამ შემთხვევაში, სასამართლო პოლიტიკურად მოტივირებული არ იყო? გარკვეული პოლიტიკოსები, პოლიტიკასთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, ცდილობენ, მათი პოლიტიკური დღის წესრიგი იყოს საქართველოში არა მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი, არამედ სასამართლო ხელისუფლებისთვისაც, ეს არ არის ნორმალური ვითარება. კორუფცია და დანაშაული არ არის დიფერენცირებული. კორუფცია და დანაშაული თანაბარ პასუხისმგებლობას გულისხმობს მედიიდან დაწყებული, პოლიტიკოსით დამთავრებული. სასამართლოსა და კანონს თუ არ დავიცავთ, მაშინ აღმოჩნდება, რომ პოლიტიკოსობა, ბლოგერობა, „სელებრითობა“ არ იქნება დასჯადი და გლეხი კაცის, მუშა კაცის საქმიანობა დასჯადია? – ასეთი დიფერენცირება არ ჯდება არც კანონის განმარტებაში და არც ევროკავშირის ინტერესებში“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები