ვახტანგ მახარობლიშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები, რომლებსაც ის გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს

“დრო და პერიოდი მართლაც უაღრესად მნიშვნელოვანია. შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და შეხვედრები, რომლებსაც ის გამართავს ევროკავშირის წევრი ქვეყნების კოლეგებთან, მართლაც ძალიან დიდ მნიშვნელობას ატარებს,” – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრების მთავარი თემები იქნება საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა, ისევე როგორც რეგიონში არსებული რთული და მძიმე უსაფრთხოების გარემო.
“ჩვენ მივაწვდით ინფორმაციას კითხვართან დაკავშირებით. ვისაუბრებთ განაცხადისა და იმ პასუხების შესახებ, რომელიც ქართულმა მხარემ ძალიან ოპერატიულად და მოკლე დროში გასცა ევროკომისიის კითხვარს. ბუნებრივია ვისაუბრებთ ჩვენს მოლოდინებზეც,” – აღნიშნა ელჩმა.
ვახტანგ მახარობლიშვილის თქმით, აღნიშნულ კვირას ბრიუსელში იმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომა. საქართველო იყენებს ამ შესაძლებლობას და საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვედრები ექნება თავის კოლეგებთან საბჭოს სხდომის პარალელურად.
“მნიშვნელოვანია, რომ სხვა შეხვედრებთან ერთად, მინისტრი შეხვედრას გამართავს თავის ფრანგ კოლეგასთან. მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა და ბუნებრივია, მასთან საუბარი და პოზიციების გაცვლა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება შემდგომი კვირებისა და თვეების განმავლობაში,” – განმარტა მახარობლიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 16-18 მაისს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები