თეა წულუკიანი: საქართველოს მთავრობა ომში არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება და არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს

საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში და არავითარ შემთხვევაში არ დაღვრის არც ქართველის, არც აფხაზის და არც არავის სისხლს, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც  უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი  იცავს და დაიცავს მშვიდობას შვილებისა და მომავალი თაობისთვის.

“მთავრობა და ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ ჩაერთვება ომში, რადგან ეს არის ის გზა, რაც ჩვენ არა ერთხელ გამოვიარეთ და მას არაფერი სასიკეთო არ მოუტანია.  ჩვენი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, რაც არ უნდა ვინმემ რამე თქვას, ქარავანი მიდის და ჩვენ ვიცავთ მშვიდობას, რომელსაც დავიცავთ ბოლომდე ჩვენი შვილებისა და მომავალი თაობისთვის“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „კარგად ვიცი საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა, ისინი არ გამოიყურებიან ისე, რომ შეუძლიათ ცხინვალში შესვლა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები