ირაკლი კობახიძე: ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის, მით უმეტეს, გათავისუფლების საფუძველი
თქვენ რომ ჩაიხედოთ სასჯელაღსრულების სისტემაში, აღმოაჩენთ ალბათ ასეულობით პატიმარს, რომელსაც ბევრად უარესი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვს, მაგრამ არც ერთის შემთხვევაში არ დგას საზღვარგარეთ გადაყვანის საკითხი, რადგან ეს არის აბსურდი. ასეთივე აბსურდია სააკაშვილის შემთხვევაშიც, რადგან საქართველოში აკრძალულია დისკრიმინაცია და არავის აქვს უფლება, სააკაშვილს მიუდგეს დისკრიმინაციულად, თუნდაც პოზიტიური კუთხით. პატიმრების მდგომარეობა უნდა იყოს თანასწორი და თანაბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც სიმულაცია და ვერც თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების საფუძველი.
“ვერც სიმულაცია, თვითდაზიანება და რაიმე ამდაგვარი ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისა და მით უმეტეს, გათავისუფლების, შინაპატიმრობის საფუძველი. ეს აღარ არის ის საპატიმროები, რომელიც იყო წინა ხელისუფლების პირობებში, როდესაც წლის განმავლობაში 150 ადამიანი იღუპებოდა. დღეს 12-ჯერ არის შემცირებული ეს სტატისტიკა, რადგან არის სრულიად სხვა მომსახურება და სრულიად სხვა პირობები. შესაბამისად, ყველა პირობა უზრუნველყოფილია და თუ ვინმეს სურს თვითდაზიანება, სიმულაცია და ა.შ, ბუნებრივია, ის წარმატებული ვერ იქნება ასეთ პირობებში”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.