შვედეთი და ფინეთი ნატო-ში წევრობის წინააღმდეგ ერდოღანის განცხადებას გამოეხმაურნენ
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ნეგატიური დამოკიდებულება ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანების მიმართ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ან ლინდესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
ამის შესახებ SVT წერს.
როგორც მინისტრმა თქვა, ”გუშინ თურქ კოლეგას შევხვდი. ასევე, რამდენიმე კვირის წინ მასთან ორმხრივ შეხვედრაზე შვედეთის შესაძლო განაცხადი განვიხილეთ. კარგი და კონსტრუქციული ურთიერთობა გვაქვს და ჩვენთვის მსგავსი არაფერი უთქვამთ. არც ნატო-ს ელჩებს და არც ალიანსის 30 ქვეყნიდან რომელიმეს წარმოუდგენია მსგავსი რამე. იმედია, ყველაფერს განვიხილავთ და თუ გადავწყვეტთ განაცხადის შეტანას, ყველა ქვეყნიდან დადებით შეტყობინებებს მივიღებთ“, – განაცხადა ლინდემ.
თავის მხრივ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ განაცხადა, რომ მისმა თურქმა კოლეგამ ადრე დადებითად ისაუბრა სკანდინავიის ორი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებაზე.
“ამ პროცესში მოთმინება გვმართებს. მსგავსი საკითხები ყოველთვის პოლიტიკასთან არის დაკავშირებული. პრობლემების უმეტესობა, ხშირად მოგვარებადია”, – თქვა დიპლომატმა.
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მის ქვეყანას, რომელიც ნატო-ს წევრია, არ შეუძლია, დადებითად შეაფასოს შვედეთისა და ფინეთის გეგმები ალიანსში გაწევრიანების შესახებ.
“ამაზე დადებითი აზრი არ გვაქვს. სკანდინავიის ქვეყნები – ტერორისტული ორგანიზაციებისთვის სასტუმრო სახლად იქცა”, – თქვა ერდოღანმა და აღნიშნა, რომ თურქეთს შეუძლია, ვეტოს დასადებად წევრის სტატუსი გამოიყენოს.
Daily Sabah-ი აღნიშნავს, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ტერორისტულ ორგანიზაციებში თურქეთის ლიდერი ქურთისტანის მუშათა პარტიის წევრებს გულისხმობს, რომლებმაც თავშესაფარი სკანდინავიის ქვეყნებში იპოვეს.
ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთის ყოფილი მმართველები შეცდნენ, როდესაც 1952 წელს ნატო-ში საბერძნეთის გაწევრიანებას “მწვანე შუქი” აუნთეს.
„ჩვენ, თურქეთს არ გვინდა, ამ საკითხში მეორე შეცდომა დავუშვათ“, – განაცხადა მან.