თელავში, თამარის ქუჩაზე და სოფელ რუისპირში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები გაიხსნა

თელავში, თამარის ქუჩაზე (სამხედრო ქალაქის ტერიტორია) და სოფელ რუისპირში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარესთან თენგიზ მთვარელიშვილთან, საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ფეხბურთელებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

ამის შესახებ ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოედანზე  შეკრებილ ბავშვებს მერმა  სპორტული ინვენტარი გადასცა. ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნების  სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 302 120  ლარი დაიხარჯა.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ახალგაზრდებში სპორტისადმი ინტერესის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. ამ მოედანზე შეკრებილ ბავშვებს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში დავპირდი სტადიონის მოწყობას და პირობა შევასრულე. ბავშვებს საფეხბურთო კლუბ „თელავის“ ფეხბურთელებიც შეხვდნენ და სპორტული ინვენტარიც გადავეცით. ორივე ლოკაციაზე მინი მოედნების მოწყობის სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 300 000 ლარზე მეტი დაიხარჯა“, – განაცხადა ლევან ანდრიაშვილმა.

უწყების ინფორმაციით, უახლოეს მომავალში დასრულდება კიდევ ერთი მინი მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები