დავით სერგეენკო: სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარჯავს 24 მილიონს და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს
„აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. დათვლილი და დამტკიცებულია, რომ როდესაც სახელმწიფო თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტს ხარჯავს მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში, ეს ითვლება სტაბილურ თამასად. ჩვენ ახლა ვხარჯავთ 24 მილიონს. ეს დაახლოებით 2 პროცენტია და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს. ეს ის ციფრებია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს, ეს არის მოცემულობა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტმა „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს მოუსმინა.
მისი თქმით, რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორება ამ ციფრებზე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამის გარეშე არც კლინიკურ მედიცინაში და არც ჯანდაცვაში სასწაულები ვერ მოახდება.
„ჯანდაცვა ნამდვილად არ არის პრივილეგია და ნამდვილად არ არის სახელმწიფოს მიერ გაღებული მოწყალება მისი მოქალაქეების მიმართ. არამედ, ჯანდაცვა არის თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლება“, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.