დიმიტრი ხუნდაძე: არ ვუსურვებ მიხეილ სააკაშვილს ჩამონათვალში არსებულ მძიმე დიაგნოზებს შეესაბამებოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არის საყურადღებო, მაგრამ ჩემი ეს შეფასება ბევრმა სხვანაირად გაიგო. მისი მდგომარეობა საყურადღებოა არ ნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა არის მძიმე ან, მით უმეტეს, კრიტიკული“, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს უსმენენ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასება უნდა გაკეთდეს დარგის სპეციალისტებისგან და ამისთვის მხოლოდ პოლიტიკოსობა არ არის საკმარისი, თუ რაიმე პოლიტიკური მიზნები არ აქვს დეფინიციების უსაფუძვლო შემოტანას.
„რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორის მხრიდან სააკაშვილისადმი ყურადღებას, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის, მსჯავრდებული იქნება თუ არა, ჯანმრთელობის უფლება უნდა იყოს დაცული და სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს დაცული მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ვინმესთვის პოლიტიკურად სასარგებლოც კი იყოს ამ საკითხის ცუდად დასრულება (ეს ჩემი ეჭვია), მაგრამ მე მიხეილ სააკაშვილს ვუსურვებ ჯანმრთელობას და ჩვენ, შესაძლებლობის ფარგლებში და საჭიროების შესაბამისად ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, არასწორად ხდება ტერმინ „კონსილიუმის“ დეფინიციაც ოპოზიციის მხრიდან, რომ თითქოს ეს არის ცალკე ექიმ-ექსპერტთა ჯგუფი და პაციენტთან ყოველდღიურად მომუშავე ექიმები არიან კონსილიუმის გარეთ.
„ასეთი დეფინიცია არასწორია. ის სპეციალისტები, რომელთაც დიდ პატივს ვცემ და ვადასტურებ მათ მაღალ კომპეტენციას, არის არა კონსილიუმი, არამედ გარე კლინიკური აუდიტი და რომლის ჩართულობაც ობიექტურობის ფარგლებში არის სასარგებლო. მაგრამ მიხეილ სააკაშვილთან, როგორც მსჯავრდებულ პატიმართან ურთიერთობა აქვს იმ ექიმთა ჯგუფს, რომლებიც პრაქტიკულად ყოველდღიურად მასთან არიან, აკონტროლებენ და მართავენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას. კონსილიუმი არის, თუ ეს ორი ჯგუფი ერთად დაჯდება და უშუალო ექიმები და გარე ექსპერტები – გარე აუდიტის პატივცემული ექიმები ერთად განიხილავენ ამ საკითხს, რადგან მე ვიცი, რა არის ზუსტი მეცნიერება, ხშირად იბადება კითხვები, სჭირდება არგუმენტები, აზრთა გაცვლა და მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სწორი დეფინიციების შერჩევა, საყურადღებოა, მძიმე თუ კრიტიკული და შესაბამისად და სწორად დაინიშნოს მკურნალობა, მაგრამ როგორც მე მაქვს სარწმუნო ინფორმაცია, ექიმებმა, რომლებიც უშუალოდ მასთან ყოველდღიურად მუშაობენ, გაუგზავნეს კითხვები გარე აუდიტს, მაგრამ მათგან პასუხი არ მიუღიათ. ვფიქრობ, კარგი კომუნიკაცია იქნებოდა და ობიექტურობის კარგი საშუალება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა.
„გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ მე როგორც ექიმი და როგორც ადამიანი, არ ვუსურვებდი (სააკაშვილს), რომ ამ ჩამონათვალში არსებულ დიაგნოზებს შეესაბამებოდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ეს ძალიან მძიმე დიაგნოზებია. ისინი აპელირებენ ამ ბრძანების მე-4 მუხლზე. კუნთოვანი ატროფიის დიაგნოზი არ არის საკმარისი მსჯავრდებულისთვის სასჯელის გადასავადებლად ან ადრე გასათავისუფლებლად. აქ არის კომპლექსურად წარმოდგენილი, თუ კარგად წაიკითხავს მკითხველი, მარტივი გასაგებია: კუნთოვანი ატროფია, კარდიომიოპათია და მკურნალობისადმი რეზისტენტული გულის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლა და ა. შ. არ ვისურვებდი ექსპრეზიდენტი ამ მდგომარეობაში იყოს, თუნდაც იმისთვის, რომ ის გათავისუფლდეს“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ამავე ბრძანების მე-16 მუხლზე.
„ხატია დეკანოიძე ამაზე საუბრობს და შემოთავაზებაა, რომ ამ გზით უნდა წავიდეთ და ამ გზით მივაღწიოთ შედეგს. ეს არ გამოვა. ეს მუხლი გულისხმობს გადარჩენის კლინიკური ვარაუდი იმ შემთხვევაში, თუ ერთი მსჯავრდებულისთვის სახეზეა ამ ბრძანებაში მიღებული რამდენიმე დაავადება, თუმცა ამ დაავადების გართულების სტადიები გათავისუფლების საფუძველს არ იძლევა, პაციენტის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების – პულსი, წნევა და ა.შ. ამ შემთხვევაში ამ საკითხს წყვეტს ექიმთა ჯგუფი. ეს არ გამოვა იმიტომ, რომ ეს მუხლი 2017 წელს ამოღებულია. არა გუშინ და გუშინწინ ანუ არა განზრახ, არამედ 2017 წელს“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.