ჯანდაცვის მინისტრი: საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელმაც covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი – “პაქსლოვიდი” მიიღო
პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა COVID-19-ის პანდემიის მართვაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ვირუსის სამკურნალო პრეპარატზე.
მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველო გახდა რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელმაც მედიკამენტი – „პაქსლოვიდი“ მიიღო.
„Pfizer-ის წარმოების პრეპარატი, აშშ-სა და ევროპაში წარმატებით გამოყენების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან „პაქსლოვიდი“ უფასოდ გადაეცემათ საქართველოს მოქალაქეებს“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა პანდემიის პერიოდში გამოკვეთილ ხარვეზებზე და აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჰოსპიტალური სექტორის მუდმივი მზაობა ინფექციურ დაავადებებზე რეაგირებისთვის.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტრო, რეგულირების სააგენტო და შრომის ინსპექციის სამსახური აგრძელებენ კლინიკების მონიტორინგს ინფექციის კონტროლის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის და პერსონალის შრომითი უფლებების დაცვის მიზნით. სამინისტროსთვის მთავარი ამოცანაა პაციენტების და სამედიცინო პერსონალის საუკეთესო ინტერესების და უფლებების დაცვა მრავალმხრივი მიმართულებით.
პანდემიის პირველი დღეებიდან, სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდებოდა სამედიცინო დაწესებულებების მხარდამჭერი მონიტორინგი, არსებული ხარვეზების გამოვლენა და რეკომენდაციების მიწოდება ხარვეზების გამოსწორებისთვის. დაწესებულებებს ყოველთვის ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა და გონივრული ვადა ხარვეზების გამოსწორებისთვის, გათვალისწინებული იყო პანდემიის ფორსმაჟორული რეჟიმიც. მაგრამ ახლა სწორედ ის დროა, როდესაც სახელმწიფომ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მიიღოს მტკიცე გადაწყვეტილებები, პაციენტების და სამედიცინო პერსონალის მომავალი დაცულობისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.