ლევან იოსელიანი: შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან – ამ ინიციატივას ხელს არ მოვაწერთ
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია, თავდებობის შესახებ ინიციატივას ხელი მოვაწეროთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა სამართლებრივად გაუმართავია.
„ამ ინიციატივას ხელს არ მოვაწერთ, რასაც ბევრი მიზეზი აქვს. მთავარი მიზეზი ისაა, რომ ეს სამართლებრივად გაუმართავი პროცედურაა. შეუძლებელია, ადამიანი, რომელსაც სასჯელი აქვს მისჯილი, ვინმეს თავდებობით გამოვიდეს ციხიდან. ამ საკითხის მიმართ ჩვენი პოლიტიკური დამოკიდებულება გვაქვს.
მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრად არ მიგვაჩნია და შეუძლებელია, ამ დოკუმენტს ხელი მოვაწეროთ. ეს არის დღის წესრიგი, რომელსაც თავად ქმნიან და ცდილობენ, ყველას ხელი მოაწერინონ”, – აღნიშნა იოსელიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა მიხეილ სააკაშვილისადმი თავდებობის საკითხზე იუსტიციის მინისტრს მიმართეს.