არჩილ თალაკვაძე: სააკაშვილი არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს იმ მდგომარეობაში არ არის, რომ პოლიტიკურ პირობებს აყენებდეს.
მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები არა პოლიტიკურ, არამედ სამედიცინო ჭრილში გადაწყდება.
„მიხეილ სააკაშვილი თავის მეგობრებს და მხარდამჭერებს შეჰყავთ შეცდომაში. ის არ არის დღეს იმ მდგომარეობაში, როცა პოლიტიკურ პირობებს აყენებს, ის არის დღეს მდგომარეობაში, როცა მას, როგორც პატიმარს და მოქალაქეს აქვს უფლებები და ამ უფლებების დაცვაზე არის პასუხისმგებელი ხელისუფლება და ეს იქნება დაცული. რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ პირობებს და მოთხოვნებს, მერწმუნეთ, მისი ჯანმრთელობის საკითხები, არა პოლიტიკურ განზომილებაში, არამედ სამედიცინო ჭრილში იქნება გადაწყვეტილი. შესაბამისად, ახლობლები და თანაპარტიელები სჭირდება პალატაში თუ დიაგნოსტიკის დროს, ამას ექიმები გადაწყვეტენ იმ კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც საქართველოში მოქმედებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილს გამოკვლევებისთვის “ვივამედში” გადაყვანა შესთავაზა. სააკაშვილმა კი რამდენიმე პირობა დაასახელა, რომელთა შესრულების შემდეგ კლინიკაში გადასვლას დათანხმდება.