გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

  საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად შვეიცარიის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ეს ღირსშესანიშნავი დღე პირადად მიულოცა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეჰლერს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და საქართველოსა და რუსეთს შორის მედიატორის როლის შესრულებისთვის.
„ მინდა მოგილოცოთ ეროვნული დღე და აღვნიშნო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობა საქართველოსთვის. ჩვენ ვართ ახლო პარტნიორები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა ყველა მიმართულებით ინტენსიურად ვითარდება. გარდა ამისა, თქვენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხართ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. უაღრესად ვაფასებთ თქვენს ჩაბმულობას საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველაზე პრობლემატურ – ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის სფეროში. მადლობას გიხდით ამ ძალისხმევისა და თანადგომისათვის,“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქვეყანა მოუთმენლად ელოდება პოლიტიკურ და სოციალურ ზრდას იმ დონემდე, როდესაც საქართველოს თითოეული მოქალაქე გადაწყვეტილების მიღების პროცესის ნაწილი იქნება, ისე, როგორც ეს შვეიცარიაშია.
შვეიცარიის ელჩის სახელით გამართულ მიღებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.

4

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები