ლევან იოსელიანი: სააკაშვილის მდგომარეობის შესასწავლად კონსოლიუმი უნდა შეიქმნას, სადაც ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები იქნებიან
ვფიქრობ, რომ სააკაშვილის მდგომარეობის დასადგენად კონსილიუმი უნდა შეიქმნას, სადაც ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები იქნებიან და მან უნდა დაადგინოს სიმართლე, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანის საკითხი არ არის დაკავშირებული მის გათავისუფლებასთან, ვინაიდან სასჯელის გადავადება ადამიანის განთავისუფლებას არ გულისხმობს.
“სინამდვილეში, როგორ არის სააკაშვილი, რა აწუხებს და შესაძლებელია თუ არა საქართველოში მკურნალობა თუ მისი საზღვარგარეთ გაყვანაა საჭირო, ამაზე კვალიფიციური დასკვნა გვჭირდება, რომელსაც ყველა ენდობა. ვფიქრობ, რომ კონსილიუმი უნდა შეიქმნას, სადაც იქნებიან ორივე მხარის მიერ ნდობით აღჭურვილი ექიმები და მან უნდა დაადგინოს სიმართლე. ამ ვითარებაში საუბარი რთულია, რადგან ერთი მხარე ყველაფერს ტრაგიკულად აღწერს, მეორე კი ამბობს, რომ საერთოდ არაფერი ხდება.
თუ სერვისების მიწოდება შესაძლებელია საქართველოში, უნდა მიეწოდოს, თუ არ არის, მაშინ საზღვარგარეთ უნდა გაიყვანონ. საზღვარგარეთ მისი გაყვანის საკითხი არ არის დაკავშირებული მის გათავისუფლებასთან. სასჯელის გადავადება ადამიანის განთავისუფლებას არ გულისხმობს, არამედ კონკრეტულ სიტუაციაში მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას და შემდეგ დაბრუნებას“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.