ყაზახეთმა კრემლის პროპაგანდისტი, ტიგრან კეოსაიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა
ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, აიბეკ სმადიაროვმა განაცხადა, რომ სამინისტრომ დაუყოვნებლივ მიიღო გადაწყვეტილება ტიგრან კეოსაიანის პერსონა ნონ გრატად გამოცხადების შესახებ.
ამის შესახებ Orda.kz წერს.
„ტიგრან კეოსაიანის შავ სიაში შეყვანის გადაწყვეტილება იმავე დღეს იყო მიღებული, როდესაც ყოფილმა რეჟისორმა ყაზახეთზე უარყოფითად ისაუბრა. ინიციატივას იმავე დღეს შესაბამისმა დეპარტამენტებმა დაუჭირეს მხარი“, – განაცხადა მან.
კრემლის პროპაგანდისტმა და “რაშა თუდეის” მთავარი რედაქტორის, მარგარიტა სიმონიანის მეუღლემ, ტიგრან კეოსაიანმა თქვა, რომ “მეგობრობის თამაშები დასრულდა” და ახლა “გადარჩენის საკითხია”.
მისი აზრით, ყაზახეთმა დაპირისპირების ერთ-ერთი მხარე უნდა აირჩიოს, ნეიტრალურობა არ გამოდგება.