„საერთაშორისო დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე პარლამენტი დაჩქარებული წესით მსჯელობს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საერთაშორისო დაცვის შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ ჩაითვლება თავშესაფრის მაძიებლად და მასზე არ გავრცელდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ” კანონით დადგენილი არგაძევების პრინციპი იმ შემთხვევაში, თუ მას თავშესაფრის პროცედურის დაწყებისა და განმეორებით საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებული განცხადების განხილვაზე უარი ეთქვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით.
„დასაშვები იქნება აღნიშნული პირის უცხო სახელმწიფოში ექსტრადიცია ან საქართველოდან გაძევება. იმავე წესი იმოქმედებს თავშესაფრის მაძიებლის მიერ სარჩელისა თუ სააპელაციო საჩივრის გამოხმობის, აღნიშნულზე სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების, ასევე, საერთაშორისო დაცვის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოსათვის ხელახლა მიმართვის შემთხვევაშიც”,- განაცხადა მომხსენებელმა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განმეორებითი განცხადება წარადგინოს იმ შემთხვევაშიც, თუ მას ჰუმანიტარული სტატუსის გაგრძელებაზე უარი ეთქვა. ასევე, ზუსტდება საერთაშორისო დაცვაზე განმეორებით განცხადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი. საჭიროების შემთხვევაში, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უტარდება გასაუბრება. კანონპროექტთან დაკავშირებით, გაიმართა დისკუსია. დეპუტატებმა გამოთქვეს შენიშვნები და მოსაზრებები.
კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საჭირო გახდა საკითხის ახალი რეგლამენტაცია, რადგან არსებობს აღნიშნული შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენებისა და გარკვეული სიმულაციების პრაქტიკა.
„აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა შეგვიძლია, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ფარგლებშიც გავაგრძელოთ და პლენარულ სხდომაზეც”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი განხილულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.