„თქვენ დაამსხვრიეთ მითი პუტინის დაუმარცხებლობაზე და თქვენ გაიმარჯვებთ” – ჯონსონმა უკრაინის რადას მიმართა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დარწმუნებულია, რომ უკრაინა რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომს მოიგებს.

ამის შესახებ ჯონსონმა უმაღლეს რადაში ონლაინ ჩართვისას განაცხადა.

„დღეს ერთი მესიჯი მაქვს თქვენთვის: უკრაინა გაიმარჯვებს, უკრაინა თავისუფალი იქნება“, – განაცხადა ჯონსონმა.

მისივე თქმით, დღეს უკრაინამ დაამტკიცა იმ ექსპერტები მოსაზრებების საპირისპირო, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ უკრაინა სწრაფად დაეცემა რუსეთთან ომში.

„მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ჯარისკაცები ყოველთვის იყვნენ უმცირესობაში – ახლა სამი ერთზეა – ისინი იბრძოდნენ ლომების ენერგიითა და გამბედაობით“, – თქვა ჯონსონმა.

მან გაიხსენა, რომ უკრაინულმა ძალებმა რუსული ნაწილები კიევიდან გააძევეს.

„თქვენ დაამსხვრიეთ პუტინის დაუმარცხებლობის მითი და დაწერეთ თქვენი ქვეყნის სამხედრო ისტორიისა და ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი თავი. პუტინის სამხედრო მანქანის ეგრეთ წოდებული დაუძლეველი ძალა, გატყდა უკრაინული პატრიოტიზმისა და ქვეყნის სიყვარულის გამო. ეს არის უკრაინის საუკეთესო პერიოდი, რომელიც ემახსოვრებათ და მომავალ თაობებს მოუყვებიან“, – განაცხადა ჯონსონმა.

მანვე აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხის თავდადება სამაგალითოა.

“თქვენი შვილები და შვილიშვილები იტყვიან, რომ უკრაინელებმა ასწავლეს მსოფლიოს, რომ აგრესორის სასტიკი ძალა არაფერს ნიშნავს იმ ხალხის მორალური სიძლიერის წინააღმდეგ, რომელიც განწყობილია – იყოს თავისუფალი. ისინი იტყვიან, რომ უკრაინელებმა საკუთარი შეუპოვრობითა და თავგანწირვით დაამტკიცეს, რომ ტანკები და თოფები ვერ დათრგუნავენ ხალხს, რომელიც იბრძვის მისი დამოუკიდებლობისთვის და ამიტომ მჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები