“ბრიტანეთი ჩვენთან ერთად მშვიდობის ეპოქას აახლოებს” – ზელენსკიმ, ომის დაწყებიდან პირველად, რადას მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უმაღლესი რადას დეპუტატებს დღეს პირველად მიმართა.

თავის გამოსვლაში მან მადლობა გადაუხადა დიდი ბრიტანეთის ხალხს და მის პრემიერმინისტრს, ბორის ჯონსონს რუსული აგრესიის ფონზე გაწეული უზარმაზარი მხარდაჭერისთვის.

“უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო დიდი ბრიტანეთის ლიდერს, ბორის ჯონსონს და გაერთიანებული სამეფოს ყველა ხალხს იმ სიტყვებისთვის, რომლებიც გვესმის. იმ ქმედებებისთვის, რასაც ჩვენ ვხედავთ. მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ. დახმარებისთვის, რომელსაც ნამდვილად ვიღებთ. გამარჯვებისთვის, რომელსაც აუცილებლად ერთად მივაღწევთ!”, – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა და ბრიტანეთი ომის თითქმის ათი კვირის განმავლობაში ერთი მიზნისთვის იბრძვიან – მშვიდობიანი ეპოქისთვის როგორც უკრაინაში, ისე – მსოფლიოში

“და ეს სიტყვები არ არის მლიქვნელობა, არც თავაზიანობა, ეს რეალობაა. ჩვენ ერთად ვართ. ყოველ დღე. ყოველ დღე ვართ ერთმანეთთან კავშირზე. თუ დღეს არ გვაქვს საუბარი, ეს მხოლოდ ერთს ნიშნავს: დაკავებული ვართ იმით, რაზეც გუშინ საუბრისას შევთანხმდით. და ასეა, თითქმის მთელი ეს კვირები, მთელი ეს რთული პერიოდი. ერთი მიზნისთვის, ერთი წამისთვის – გამარჯვების პირველი წამისთვის. და ერთი ეპოქისთვის – ეპოქისთვის, სადაც მშვიდობა სუფევს. უკრაინაში და, შესაბამისად, ევროპაში და, შესაბამისად, მსოფლიოში.

მინდა, მადლობა გადავუხადო დიდ ბრიტანეთს, რომელიც ჩვენთან ერთად აახლოებს ამ მომენტს და მზად არის, გახდეს ჩვენი უსაფრთხოების გარანტი. ჩემი მადლიერება არ არის ფორმალობა იმიტომ, რომ ვიცი,  დიდი ბრიტანეთის გარანტიები არასოდეს იქნება ფორმალობა უკრაინისთვის. ამ თითქმის ათმა კვირამ აჩვენა: თქვენი სიტყვა მტკიცეა და თქვენი მოქმედებები გაბედული. ყოველგვარი “თითქმის” გარეშე. მეზიზღება სიტყვა – „თითქმის”, – თქვა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები