უკრაინამ ბუჩას ჟლეტაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი, სერგეი კოლოცეი, სავარაუდოდ, შეცდომით დაასახელა

ბუჩანსკის რაიონულმა პროკურატურამ 2 მაისს 35 წლის ბელარუსი, სერგეი კოლოცეი ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილეობაში დაადანაშაულა. თუმცა, თავად ბრალდებული ირწმუნება, რომ ბელარუსი 2 წელია, არ დაუტოვებია და არც რუსულ ჯართან აქვს რაიმე კავშირი.

ბელარუსული გამოცემის – Zerkalo-ს ცნობით, სერგეი კოლოცეის ეჭვმიტანილად გამოცხადების შესახებ გავრცელებული პუბლიკაციის შემდეგ მას ნათესავები, ნაცნობები, კოლეგები და მეზობლები დაუკავშირდნენ.

გამოცემის ჟურნალისტები ამ ადამიანებთან გასაუბრების შემდეგ წერენ, რომ უკრაინელი პროკურორები, სავარაუდოდ, შეცდნენ, რადგან მამაკაცი მთელი ცხოვრებაა, მოზირში ცხოვრობს და არც ჯარში მსახურობდა – არც ბელარუსში და არც რუსეთში. ომის მთელი პერიოდის განმავლობაში ის ასევე მოზირში იმყოფებოდა. მას რეგულარულად ხედავენ სამსახურში, საბავშვო ბაღისკენ მიმავალ გზაზე, ექვსი წლის შვილთან სეირნობისას. დაახლოებით, ხუთი წელია, მოზირის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ინჟინრად მუშაობს.

ამასთან, უკრაინელი პროკურორების მიერ გავრცელებულ ფოტოებში ნამდვილად ის სერგეი კოლოცეია, რომელიც მოზირში ცხოვრობს.

თავად სერგეი კოლოცეიმ გახსნა “ინსტაგრამ” ანგარიში, სადაც ირწმუნება, რომ – „2 წელზე მეტია, ბელარუსის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არ გავსულვარ! ომის დამნაშავედ მაქციეს, თუმცა, შეიარაღებულ ძალებთან არანაირი კავშირი არ მაქვს, ასე მოხდა, რომ ჯარშიც არ ვყოფილვარ!“.

რაც შეეხება ჟურნალისტების, პროკურატურის და გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას მიერ გავრცელებულ ფოტოს, რომელიც მამაკაცს მოზირის ფოსტაში აქვს გადაღებული და რომელსაც ოკუპანტები უკრაინაში მოპარული ნივთების გასაგზავნად იყენებდნენ, სერგეი ადასტურებს, რომ ნამდვილად იმყოფებოდა ფოსტის შენობაში და რუსეთში მანქანის სახურავი გაგზავნა.

​”რაც შეეხება ჩემ მიერ გაგზავნილ საბარგულს, დიახ, ნამდვილად გავუგზავნე ის ბელარუსის ფოსტიდან რუსეთში უცხო ადამიანს! ეს არის ჩემი მანქანის სახურავი, რომლის გაყიდვის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ ბუჩას მოვლენებამდე გამოქვეყნდა!”, – ირწმუნება კოლოცეი.

მამაკაცმა ასევე დაწერა, რომ სოციალურ ქსელებში მისი ანგარიშები გატეხილია და მისი ოჯახი უამრავ მუქარას იღებს.

უკრაინის პროკურატურაში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები