“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” – „საქართველოში ბოლო 4 წლის განმავლობაში მთლიან პოპულაციაში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა“
ბოლო 4 წლის განმავლობაში საქართველოში, მთლიან პოპულაციაში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა, – ამის შესახებ “თამბაქოს კონტროლის ალიანსის” თავმჯდომარემ, გიორგი ბახტურიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბახტურიძემ განმარტა, რა შედეგები მოიტანა „თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შესულმა ცვლილებებმა და რა სახის დარღვევები ფიქსირდება მოწევის წესთან დაკავშირებით.
„რა შედეგები მოგვცა აკრძალვის ზომებმა: ბოლო 4 წლის განმავლობაში ეროვნულ დონეზე კვლევები ჩატარდა, ერთია ქცევითი რისკ-ფაქტორების კვლევა, მეორე კი – თამბაქოს მოხმარებასთან დაკავშირებული კვლევა. ამ კვლევების მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში მთლიან პოპულაციაში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა, თავად მწეველებს შორის კი – 10 %-ით, რაც დიდი რიცხვია. დაახლოებით, 100 000-მა ადამიანმა მოწევას თავი დაანება. ჩვენი ამოცანაა, 2040 წლისთვის მთლიანი მოხმარება, რაც დღეს 27 %-ია, 5 %-ზე ნაკლები გახდეს.
სიკეთე, რაც ამ კანონის აღსრულებას მოჰყვა, არის ასეულობით გადარჩენილი სიცოცხლე, ათასობით ადამიანი, რომელიც არ დაავადდა. გეტყვით სამედიცინო შედეგების შესახებ, რა მოხდა ამ 4 წლის განმავლობაში: 15-18 %-ით შემცირდა ინფარქტის მწვავე შემთხვევების, ასთმის მწვავე შემთხვევების და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების შემთხვევების რაოდენობა. ეს შეჯამებული ვარიანტია, თორემ მონაცემები ზოგიერთ შემთხვევაში მეტია, ზოგიერთში – ნაკლები. კიბოს შემთხვევების რიცხვის შემცირებას 5 წლის შემდეგ ველოდებით. ამ კანონის ეფექტი კიბოზე შორსმიმავალია. მინიმუმ 5 წელი სჭირდება, რომ კლების ტენდენცია წავიდეს“, – განაცხადა ბახტურიძემ.
მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს.
„2017 წლის 17 მაისს საქართველოს პარლამენტმა მტკიცე პოლიტიკური ნების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ პროცესის შესაჩერებლად თამბაქოს ინდუსტრიის ძალისხმევა ძალიან მძლავრი იყო, კანონში მართლაც ისტორიული ცვლილებები მიიღო.
საზოგადოების მხრიდან ყოველთვის ისმის ხოლმე კითხვა, რა მოგვიტანა ამ რეგულაციებმა, როგორ სრულდება ის, ახლა რა გამოწვევების წინაშე ვართ, რა შეიძლება, იყოს მომდევნო ნაბიჯები, რათა ჩვენი მოსახლეობის სასიცოცხლო უფლებების დაცვა ეფექტიანად მოხდეს.
თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს. საქართველოში ყოველწლიურად ყოველი მე-5 ადამიანი თამბაქოს მოხმარების მსხვერპლია, როგორც პასიური, ისე – აქტიური მოხმარების. ყოველწლიურად დაახლოებით 11 000-მდეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებებით იღუპებიან. აქედან 3 000-მდეა პასიური მწეველობის მსხვერპლია. თუმცა, ეს მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ. ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე ასეული სიცოცხლე გადარჩა.
რაც შეეხება მონიტორინგს: ჩვენი ორგანიზაცია სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში თამბაქოს კონტროლის რეგულაციებთან დაკავშირებით მონიტორინგს ინტენსიურად ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით დაახლოებით 40-მდე მონიტორი გვყავს. ისინი სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებს სისტემატურად ამოწმებენ. მათ შორის, მოწევასთან დაკავშირებით, საქართველოს მასშტაბით ყოველწლიურად დაახლოებით 10 000-მდე ობიექტი მოწმდება. საეჭვო ობიექტების კვლავ გადამოწმება ხდება და ა.შ. მათ, პირველ ყოვლისა, მიეწოდებოდათ ინფორმაცია, რომ დარღვევა კანონთან შეუსაბამო იყო და საჯარიმო სანქციებს წევდა. უკვე მომდევნო ეტაპზე რეაგირებისთვის შესაბამისი სტრუქტურების ინფორმირება ხდებოდა. ასეთი სტრუქტურები მოწევასთან დაკავშირებით მაგალითად, შსს-ს საპატრული სამსახურია.
მოწევის ფაქტების გარდა, ვაჭრობის რეგულაციების კუთხითაც უამრავი საკითხია, მაგალითად, შიდა და გარე ხილვადობის აკრძალვა. იცით, რომ სავაჭრო ობიექტებში თამბაქოს ნაწარმი აღარ ჩანს. ასევე, აღსანიშნავია სკოლებიდან და ბაღებიდან 50-მეტრიანი დისტანციის დაცვა, რათა ეს ლეტალური პროდუქტი არ გაიყიდოს და ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ იყოს.
ასევეა პრომოაქციები. თამბაქოს ინდუსტრია სისტემატურად არღვევს ამ ნორმას. იმის გამო, რომ მხოლოდ პრომოსააგენტო ჯარიმდებოდა, ჩვენი ინიციატივით, პარლამენტმა გასულ წელს ცვლილებები მიიღო და ახლა უკვე მაღაზიაც ჯარიმდება. რამდენიმე ათეული შემთხვევა გვაქვს, როცა სავაჭრო ობიექტებში უკანონო პრომოაქცია დაფიქსირდა. ისინი კონკრეტული ბრენდების პოპულარიზაციას ეწეოდნენ. დაჯარიმდნენ როგორც პრომოსააგენტო, ასევე, სავაჭრო ობიექტები. წლის განმავლობაში ჩვენი მონიტორები დაახლოებით 8000-მდე სავაჭრო ობიექტს ამოწმებენ.
ასევე, არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც 4 000-მდე შემოწმდა. მონიტორინგის პროცესში ტაქსების გადამოწმებაც ხდება. ტაქსიში მოწევის ათეულობით შემთხვევა უკვე დაფიქსირებული და აღკვეთილია. თუ ტაქსის მძღოლი ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ მგზავრმა არ მოწიოს, მგზავრთან ერთად ისიც ჯარიმდება. საჯარიმო სანქცია მგზავრზე 100 ლარია, მძღოლზე კი 200 ლარი. ასევე აკრძალულია კერძო ავტომანქანაში არასრულწლოვნის თანხლებით მოწევა. უკვე ათეულობით ტაქსის მძღოლია დაჯარიმებული“, – განაცხადა ბახტურიძემ.
თამუნა შეყილაძე