ლევან იოსელიანი: „ნაცმოძრაობას“ არ აქვს იმდაგვარი მხარდაჭერა, რომელიც აქციების გზით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს
ამ აქციებისგან რაღაც მოლოდინი, რომ ეს მასშტაბურ აქციებში გადაიზრდება, არ მაქვს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პარტიას, არ აქვს იმდაგვარი მხარდაჭერა, რომელიც ამ ქვეყანაში აქციების გზით დიდ ცვლილებებს გამოიწვევს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენელმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.
მისი თქმით, აქციებზე ბევრი ხალხი იმ შემთხვევაში გამოდის, როდესაც საქმე დიდ უსამართლობას ეხება, ამ კონტექსტში კი დიდი გამოსვლები მოსალოდნელი არ არის.
“ამ ქვეყანაში ბევრი ხალხი ყოველთვის გამოდის უსამართლობის გამო. რაც კი გამოსვლები გვინახავს, ყველა გამოსვლა იყო დიდი უსამართლობის გამო. როდესაც ადამიანს ღირსება ჰქონდა შელახული. ამ კონტექსტში მეეჭვება, რომ ასეთ დიდ გამოსვლებს ჰქონდეს ადგილი. თუმცა, სახელმწიფოს ვალდებულება ნამდვილად არის, რომ იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე და მიაწოდოს ყველა ის სერვისი, რაც მას ესაჭიროება, რომ თავი კარგად იგრძნოს“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ძმებმა, ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით უწყვეტი აქციები დააანონსეს.