გრიგოლ ვაშაძე – სააკაშვილზე: ადამიანი არის ცუდად, დამიჯერეთ – აუცილებელია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა, ამით ყველა მოიგებს ადამიანური, პოლიტიკური თვალსაზრისით
“ადამიანი არის ცუდად, დამიჯერეთ – გადასხმას ვერ უკეთებენ, ამ ციხეში სოფლის ამბულატორიაა ჩვეულებრივი”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელია.
„თავად მზად არის იმისთვის, რომ კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მიიღოს. გადასხმას ვერ უკეთებენ, ამ ციხეში სოფლის ამბულატორიაა ჩვეულებრივი. გასაგებია, პენიტენციური დაწესებულებაა და აქ უმაღლესი კლასის სამედიცინო დახმარების გაწევა შეუძლებელია. აუცილებელია სასწრაფოდ საზღვარგარეთ გადაყვანა. ამით ყველა მოიგებს ადამიანური, პოლიტიკური, სოციალური, პრაგმატული თვალსაზრისით. იცის, რომ ეს არც წარმოდგენაა, არც ცირკი და არც თეატრი. ადამიანი არის ცუდად, დამიჯერეთ. 20 წელზე მეტია, ვიცნობ ამ ადამიანს და სიმულიანტობა და სიაფანდობა ვიცი, რა არის“, – განაცხადა ვაშაძემ.