თამარ ტალიაშვილი და გივი მიქანაძე ევროპის საბჭოს ახალგაზრდული დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელს შეხვდნენ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრები – თამარ ტალიაშვილი და გივი მიქანაძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის დეპარტამენტის პროგრამების ხელმძღვანელს, ჯოანა ჰანტინგს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრის საქართველოში, კერძოდ, ქუთაისში დაფუძნების საკითხი დააყენეს. საუბრისას აღინიშნა, რომ ამ იდეის განხორციელებას სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ევროპის საბჭოს ახალგაზრდული ცენტრები გახსნილი აქვს სტრასბურგსა და ბუდაპეშტში, ქუთაისში ამ ცენტრის დაფუძნება ხელს შეუწყობს რეგიონისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალგაზრდების ინტეგრირებას ევროპის საბჭოს ახალგაზრდულ პროექტებში”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციას. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს წვლილს, ევროპის საბჭოს ახალგაზრდული სექტორის – 2030 სტრატეგიის შემუშავებაში. ჯოანა ჰანტინგმა ქართული დელეგაციის შეთავაზება დადებითად შეაფასა. მხარეები შეთანხმდნენ შეთავაზებასთან დაკავშირებით გაიმართოს დამატებითი კონსულტაციები ევროპის საბჭოს ხელმძღვანელობასთან.