ალექსი პეტრიაშვილი: პრეზიდენტს და პრემიერს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობები აქვთ

პრეზიდენტს და პრემიერს ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობები აქვთ და ყოველგვარი ფორმატების გარეშე ახერხებენ კომუნიკაციას ნატოსთან დაკავშირებულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, – ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს მთელ იმ პროცესებს, რომელიც ეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციასა და უელსის სამიტისთვის მზადებას, ხოლო დღევანდელ სხდომაზე მოხდა პრეზიდენტის საქმის კურსში ჩაყენება ნატოს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებთან დაკავშირებით.
“პრეზიდენტს მივაწოდეთ ინფორმაცია სამიტის მზადების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომელი უწყება რას აკეთებდა ამ დრომდე და უახლოეს პერიოდში რა ღონისძიებებია დაგეგმილი. ამდენად მუშაობა გაგრძელდება კოორდინაციის რეჟიმში ურთიერთინფორმირების კუთხით. მე მინდა გითხრათ, რომ რეალურად პრემიერ-მინისტრი თავიდან ბოლომდე ხელმძღვანელობს მთელ იმ პროცესებს, რომლებიც ეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და მზადებას ნატოს სამიტში მონაწილეობისთვის. ბუნებრივია, ის არის ყველა დეტალის შესახებ საქმის კურსში, მისი დავალებით ჩვენ მოვახდინეთ პრეზიდენტის ინფორმირება, არსებული პროცესის და მზადების მიმდინარეობის შესახებ. შესაბამისად, განსაკუთრებული აუცილებლობა პრემიერის დასწრებისა ამ შეხვედრაზე, რომელსაც ინფორმაციული ხასიათი ჰქონდა, არ იყო”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები