ივანე ჩხაიძე: ჯანმო კორონავირუსის ახალ მუტაციებს აკვირდება და მიიჩნევს, რომ აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ აკვირდება კორონავირუსის ახალ მუტაციებს, მათ შორის, „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს, მიიჩნევს, რომ ახლა, აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია”, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა, ივანე ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის მაღალი რისკი ჯერ კიდევ არსებობს.

“ჩვენ ველოდებით, რომ 2022 წლის, სავარაუდოდ, მეორე ნახევარში „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“ პანდემიის დასრულებას გამოაცხადებს. ეს მოლოდინი რეალურია, ამის უკან ეპიდემიოლოგიური ვითარების მკვეთრი გაუმჯობესება დგას. საქართველოშიც ეპიდვითარების სტაბილური გაუმჯობესება გვაქვს. დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველოში, და არამარტო საქართველოში, 2022 წლის ზაფხული ბოლო პანდემიური ზაფხული იქნება. ჯერჯერობით, პასუხგაუცემელია მთავარი კითხვა: როდის და რა პირობებში დასრულდება პანდემია. ჯანმო აცხადებს, რომ კორონავირუსის ახალი მუტაციის გამოჩენის მაღალი რისკი ჯერ კიდევ არსებობს. ჯანმო მიიჩნევს, რომ ჯერ ბევრია ისეთი ქვეყანა, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მოსახლეობა მრავალრიცხოვანია, შესაბამისად, ახალი მუტაციის განვითარების ალბათობა მაღალი რჩება. ჯანმო აკვირდება ახალ მუტაციებს, მათ შორის, „ომიკრონის“ ახალ მუტაციებს, მიიჩნევს, რომ ახლა, აპრილში ან მაისში პანდემიის დასასრულზე საუბარი ნაადრევია.

თუმცა, ექსპერტების დიდი ნაწილი არ გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ შეიძლება, 2022 წლის ბოლოსთვის პანდემიის ოფიციალური დასასრული მივიღოთ.

ჩვენთან, ზაფხულში მობილობის გაზრდის ფონზე, შემთხვევების მატება მოსალოდნელია. არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ ზაფხულში ინფიცირების შემთხვევების მეტ რიცხვს მივიღებთ. შესაძლებლობა, რომ ამ რიცხვს ჰქონდეს აფეთქების, ან ტალღის ხასიათი, მხოლოდ ერთ დაშვებას ეყრდნობა – ხომ არ იქნება ამის უკან კორონავირუსის ახალი მუტაცია“, – განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 132 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები