სოფო ჯაფარიძე: უკვე დავიწყე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად
“ახლა სიჩუმე დანაშაულია – ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და მე დავიწყე უკვე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება, ძალიან ცუდი შედეგი დადგეს.
“ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე. ხვალ, როდესაც დღევანდელ დღეს შევაფასებთ, ჩვენ არ უნდა შეგვრცხვეს ჩვენი განვლილი გზის. ამ ქვეყნის ყველა მოქალაქე დღეს ერთად ვწერთ საქართველოს ისტორიას და მჯერა, რომ ყველას ერთი რაღაც გვაერთიანებს და ეს არის ისტორიის სწორ მხარეზე დგომა.
ჩვენ 30 წლის განმავლობაში უკვე ვნახეთ ქვეყნის პირველი პრეზიდენტის სამეგრელოს ტყეებში დევნა, ვნახეთ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა, ვნახეთ ორად გახლეჩილი საზოგადოება, სამოქალაქო დაპირისპირება და დღეს უკვე რუსთავის ციხეში ჩვენ ვუყურებთ, როგორ კლავენ რუსეთის დაკვეთით ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს და ვინც სამედიცინო კონსილიუმის დასკვნა მოისმინა, ამაში ყველა დამეთანხმება. ახლა სიჩუმე არის დანაშაული და აღარ არის დრო მხოლოდ განცხადებების. ჩვენ უნდა გადავიდეთ მოქმედებაზე და მე დავიწყე უკვე აქტიური მოქმედებები მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადასაყვანად. სამწუხაროდ, აქ ამ ციხეში და ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელია მისი მკურნალობა და მე დავიწყე ძალიან აქტიური მოლაპარაკებები უცხოურ კლინიკებთან. ყველა წინადადებას მე შევთავაზებ ჩვენს ხელისუფლებას და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სააკაშვილის უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანა იმიტომ, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს ძალიან ცუდი შედეგი.
როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და ნებისმიერ წუთს შეიძლება, დადგეს გამოუსწორებელი შედეგი, გვერდზე უნდა გადავდოთ პოლიტიკაც, ბრძოლაც და შურისძიებაც და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავარჩინოთ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე”, – აცხადებს ჯაფარიძე.