შემოსავლების სამსახურმა APA-ს პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა „საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმების“ (APA) პროგრამისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, აღნიშნული ფორუმის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიეწოდოს ვრცელი ინფორმაცია APA-ს პროგრამის დანერგვის მიმართულებით, შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული ღონისძიებების შესახებ, ასევე გადასახადის გადამხდელებს განემარტოს პროგრამაში ჩართვის უპირატესობები და პასუხი გაეცეს მათთვის აქტუალურ შეკითხვებს.
,,საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული წინასწარი შეთანხმება“ (APA) წარმოადგენს საერთაშორისო ინსტრუმენტს, რომელიც შემუშავებულია საერთაშორისო კონტროლირებულ ოპერაციებთან დაკავშირებული დავების თავიდან ასაცილებლად. შეთანხმების მიზანია წინასწარ განისაზღვროს შეფასების ის მეთოდები და მიდგომები, რომლებსაც დაბეგვრის მექანიზმებისთვის გამოიყენებს საგადასახადო ორგანო. დოკუმენტი, რომელიც განკუთვნილია საერთაშორისო კონტროლირებადი ოპერაციების განმახორციელებელი კომპანიებისთვის, ქმნის ხელსაყრელ პირობას კომპლექსური საკითხების ეფექტიანად მოსაგვარებლად. ამასთან, შეთანხმება სთავაზობს გადასახადის გადამხდელებს ღია თანამშრომლობას და ზრდის სანდოობას საგადასახადო ორგანოს მიერ, გამოყენებული დაბეგვრის მეთოდების მიმართ.
კონფერენცია გახსნა და სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ.
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უწყებას 7 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს OECD-თან და დღევანდელი კონფერენცია წარმოადგენს რიგით მე-3 ტექნიკური დახმარების პროექტის დაწყებას.
,,კონფერენციის ფარგლებში განხორციელდება კიდევ ერთი ახალი ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან გამოცდილი იტალიელი ექსპერტები. ისინი უშუალო დახმარებას გაუწევენ ჩვენ კოლეგებს, რათა ერთდროულად, წარმატებით გავართვათ თავი საგადასახადო სფეროში არსებულ გამოწვევებს“,- განაცხადა ლევან კაკავამ.
ღონისძიებაზე საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) პროექტის – ,,გლობალური თანამშრომლობა და განვითარება“ სამმართველოს უფროსმა ბენ დიკინსონმა, ასევე OECD-ის ,,საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ (TIWB) პროგრამის სამდივნოს ხელმძღვანელმა რუსუდან კემულარიამ და იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ.
კონფერენციის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციას შორის, რითაც საფუძველი ჩაეყარა – „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ (TIWB) პროგრამის ეგიდით ინიცირებულ ახალ პროექტს. აღნიშნული პროექტი ემსახურება იტალიის საგადასახადო ადმინისტრაციის მიერ, შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერას APA-ს პროგრამის პრაქტიკული დანერგვის მიმართულებით. საქართველოს მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ, იტალიის მხრიდან კი – საგადასახადო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვალერიო ბარბანტინიმ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, ორგანიზებული კონფერენციის სამიზნე აუდიტორიაა საქართველოში მოქმედი მსხვილი საკონსულტაციო კომპანიების, ასევე საბანკო ასოციაციებისა და ბიზნეს ომბუდსმენის წარმომადგენლები.
შემოსავლების სამსახურის უფროსმა ლევან კაკავამ და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, იტალიელ კოლეგებთან, ასევე OECD – გლობალური ურთიერთობისა და განვითარების სამმართველოს უფროსთან, კონფერენციის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს, რომლის მთავარი თემა იყო საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები.