„კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი ქართველი ხალხი და პრეზიდენტია“
კანონის უზენაესობის დაცვის გარანტი ქართველი ხალხი და პრეზიდენტია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილისთვის და სხვა ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წარდგენის ფაქტის კომენტირებისას განაცხადა. მისივე თქმით, თუ კონსტიტუციური პროცესიდან გადაცდომა იქნება, საქართველოში არსებობს დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც დააფიქსირებენ თავის პოზიციას.
“მე მინდა ამასთან დაკავშირებით გითხრათ არა მარტო თქვენ, არამედ საქართველოს მოსახლეობას და პარტნიორებს მთელ მსოფლიოში, რომელთაც გაუჩნდათ კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით, რომ საქართველოში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტი პირველ რიგში არის ქართველი ხალხი და საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს და დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას ორივე პრიორიტეტის მიმართაულებით – ერთის მხრივ, კანონის უზენაესობის, ხოლო მეორეს მხრივ, ადამიანის უფლებათა პოზიციიდან გამომდინარე. საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა, რომელშიც არსებობს ინსტიტუტები, რომლებიც თავის პოზიციას, თუ იქნა რაიმე გადაცდომა კონსტიტუციური პროცესიდან, დააფიქსირებენ”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო არის კონსოლიდირებული დემოკრატიის ქვეყანა, სადაც ხელისუფლების შტოები დაყოფილი არიან და პროკურატურა წარმოადგენს ცალკე ორგანოს, რომელზეც ზედამხედველობას მრავალი პოლიტიკური სტრუქტურა ახორციელებს.
“საქართველოში პროცესები, რომლის თაობაზეც კითხვის ნიშნები დაისვა, ამაზე იქნება გაცემული ადეკვატური პასუხები გამომდინარე იქიდან, როგორ წარიმართება ეს პროცესები. ეს ეხება საქართველოს დემოკრატიულ წყობას, კითხვის ნიშანი ამასთან დაკავშირებით ეხება საქართველოს დემოკრატიულ წყობას, არის თუ არა ამ კითხვის ნიშნებზე ნეგატიური პასუხი. ჩვენ ვიქნებით აქტიურად ჩართული ამ პროცესის მონიტორინგში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.