დავითულიანი – “ლელოს” ინიციატივაზე: რისთვის იბარებენ? რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?
რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერმინისტრმა პასუხი პარლამენტში, რისთვის იბარებენ? – რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრის პარლამენტში დაბარების საკითხზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩანაწერი ავთენტური რომც იყოს, გაუგებარია, რა არის გასაკვირი იმაში, რომ ივანიშვილი რუსეთში მეგობარს მეგობრულად ესაუბრება.
“ის კაცი [ივანიშვილი] 10 წელი ცხოვრობდა რუსეთში და იქ შეიძლება, ჰყავდეს ბიზნესმენი მეგობარი, რომელსაც მეგობრულად ელაპარაკება, რა არის ამაში გასაკვირი, მე არ მესმის!
არახამიამ თქვა, რომ ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს, რაც იყო მისი მხრიდან ძალიან უპასუხისმგებლო და თავხედური განცხადება. მისი საქმე ნამდვილად არ არის, ამ ქვეყანაში რა მოხდება, ვის რა დაუწესდება, თან უმიზეზოდ ამის თქმა არის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო ნაბიჯი. საიდან მოხვდა ეს ვიდეო შეგიძლიათ მითხრათ? ევტუშენკოვი არის რუსეთში, ან “ფსბ”- ს უნდა ჩაეწერა, ან ბიძინა ივანიშვილი უნდა ჩაეწერა საქართველოში ქართულ უშიშროებას, მერე ქართულმა უშიშროებამ გადასცა თუ “ფბს”-მ ოპოზიციურ არხებს?! რა დასავლური დაზვერვა, როგორ უსმენს დასავლური დაზვერვა ევტუშენკოვს რუსეთში, დასავლური სპეცსამსახურები უკანონოდ უსმენენ ვიღაცებს, ამას ამბობთ?! რა კითხვებს უნდა გასცეს პრემიერ-მინისტრმა პასუხი პარლამენტში, დანაშაულთან ჰქონდა რამე შეხება? რისთვის იბარებენ – რაიმე დანაშაულში გაყო პრემიერმა თავი თუ სკანდალში?“, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, „ლელოს” საპარლამენტო გუნდი საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს იბარებს.