რადიოსიხშირული რესურსის ეფექტიანი გამოყენებისთვის, კომუნიკაციების კომისია ეროვნულ გეგმას განაახლებს

მომხმარებლებისთვის ინოვაციური მომსახურების მიწოდებისა და ქვეყანაში თანამედროვე რადიოსიხშირული სისტემების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, კომუნიკაციების კომისია რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმას განაახლებს, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეროვნული გეგმის განახლება ხელს შეუწყობს თანამედროვე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების დანერგვას, ასევე ამოწურავდი რესურსის ეფექტიან გამოყენებას და მართვას.
კომუნიკაციების კომისიამ ეროვნულ გეგმაში შესატანი ცვლილებები ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რადიოკავშირის მსოფლიო კონფერენციაზე (WRC-19) მიღებული ფინალური აქტების მიხედვით, ასევე ფოსტის და ტელეკომუნიკაციების ევროპის კონფერენციის (CEPT) და ელექტრონული კომუნიკაციის კომიტეტის (ECC) მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მოამზადა.

აღნიშნული ცვლილებები ძირითადად ევროკომისიის რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებებს ეყრდნობა. განახლებული ეროვნული გეგმა მოიცავს ახალი ტექნოლოგიების, მათ შორის 5G ქსელების განვითარებისთვის ახალი დიაპაზონების შესახებ ინფორმაციას, WI-FI-ის ფუნქციონირებისთვის დამატებით გათვალისწინებულია ახალი სიხშირული ზოლი, ასევე განისაზღვრა დიაპაზონები სპეციფიკური თანამგზავრული მომსახურებისთვის და დაზუსტდა ტექნოლოგიური სტანდარტები და მომსახურებების სახეობები.

,,რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნულ გეგმაში” განსახორციელებელი ცვლილებების პროექტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით, კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 20 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ ეროვნულ გეგმას დაამტკიცებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები