ლოიდ ოსტინი – მოკავშირეები უკრაინას დამატებით სამხედრო ტექნიკას გადასცემენ
ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურობენ, რათა მიაწოდონ უკრაინას სასწრაფო საჭიროებები, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე, ნატო-სა და ევროკავშირის წევრი 40 ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მომდევნო კვირები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება, ამიტომ მოკავშირეებმა იმ ომის სიჩქარით უნდა იმოქმედონ, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს.
„ქვეყნები მთელი მსოფლიოდან აქტიურობენ, რათა მიაწოდონ უკრაინას სასწრაფო საჭიროებები. მსურს, განსაკუთრებით მადლობა გადავუხადო ჩვენს გერმანელ მასპინძელს, მინისტრ ლამბრეხტს, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას 50 ანტისაჰაერო სისტემა „ჩიტას“ გაუგზავნის; გუშინ ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის დამატებით ანტისაჰაერო აღჭურვილობას; დღეს კანადამ განაცხადა, რომ უკრაინას რვა ჯავშანმანქანას გაუგზავნის“, – განაცხადა ოსტინმა.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელის მსგავსი ფორუმები ყოველთვიური გახდება.
„პროგრესის გასაგრძელებლად ამ ფორუმის გაფართოებას ვგეგმავთ. მსურს, გაცნობოთ, რომ უკრაინის თავდაცვის გაძლიერებასთან დაკავშირებით შეხვედრები გახდება ყოველთვიური. შეიქმნება საკონტაქტო ჯგუფები, რომლებშიც ის ქვეყნები შევლენ, რომლებიც კეთილ ნებას გამოხატავენ, რათა გამოიჩინონ ძალისხმევა, მოახდინონ დახმარების კოორდინირება და ფოკუსირება გააკეთონ დღევანდელ ბრძოლებსა და მოსალოდნენ შეტაკებებზე. ყოველთვიური შეხვედრები იქნება როგორც პერსონალური, ასევე ვირტუალური ან შერეული“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.