გაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს
გაერო უკრაინაში 300 მშვიდობიანი მოქალაქის უკანონო მკვლელობას იძიებს, – ამის შესახებ უკრაინაში გაეროს ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, მატილდა ბოგნერმა CNN-ს განუცხადა.
ამასთან, ბოგნერმა CNN Newsroom-ზე საუბრისას აღნიშნა სამოქალაქო დანაშაულების მასშტაბები, რომლებიც მისიამ ომის განმავლობაში დააფიქსირა. მათ შორის არის სექსუალური ძალადობის ათობით და გატაცების 150-მდე შემთხვევა.
გაეროს ოფიციალური პირის თქმით, ამ დროისთვის უკრაინაში დაფიქსირებულია 5 000-ზე მეტი შემთხვევა მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ან დაშავების შესახებ. როგორც ბოგნერმა აღნიშნა, რეალური რიცხვი „ათასობით“ მეტი იქნება.
„კიდევ ერთხელ, შემთხვევების რაოდენობა ამაზე მეტია, ეს მხოლოდ ის შემთხვევებია, რომლებზეც ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომ უკვე გამოვიკვლიოთ“, – განაცხადა გაეროს ოფიციალურმა პირმა.