მაია სანდუმ დნესტრისპირეთის აფეთქებებში რეგიონში მოქმედი ძალები დაადანაშაულა

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ დნესტრისპირეთში აფეთქებები და ესკალაციის მცდელობები არაღიარებულ რეგიონში არსებულ ძალებთან არის დაკავშირებული.

ამის შესახებ მან უშიშროების უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

“ამჟამად არსებული ინფორმაციით, დნესტრისპირეთის რეგიონის ძალები ჩართული არიან დნესტრისპირეთის რეგიონში სიტუაციის ესკალაციის მცდელობებში. ეს არის ომის მომხრე ძალები, ისინი სიტუაციის დესტაბილიზაციაში არიან დაინტერესებულნი”, – თქვა სანდუმ და აღნიშნა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ინფორმაციის შეგროვებას და შესწავლას აგრძელებს.

მისივე თქმით, კიშინიოვს აქვს ინფორმაცია ტირასპოლის აეროდრომზე აფეთქების შესახებ, თუმცა, მისი მიზეზი მოლდოვის ხელისუფლებისთვის უცნობია.

„ჩვენი ანალიზით, დნესტრისპირეთის შიგნით არსებობს დაძაბულობა სხვადასხვა ძალას შორის, რომლებიც დაინტერესებული არიან სიტუაციის დესტაბილიზაციაში – ეს რეგიონს დაუცველს ხდის და მოლდოვასთვის რისკებს ზრდის. ჩვენ ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციას და მოლდოვის ისეთ ქმედებებში ჩართვის მცდელობას, რომლებმაც ქვეყანაში მშვიდობას შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას. კიშინიოვი დნესტრისპირეთის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას კვლავ დაჟინებით მოითხოვს“, – განაცხადა სანდუმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიშინიოვს არ აქვს დნესტრისპირეთის ბლოკადის გეგმა, მან მოქალაქეებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა და უთხრა, რომ ინფორმაცია მხოლოდ სანდო წყაროებიდან მიიღონ.

საბდუმ ასევე მოუწოდა მედიას, პოლიტიკოსებს და საზოგადო ლიდერებს პროვოკაციულ განცხადებებს თავი აარიდონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები