ირაკლი კობახიძე: არავინ იცის, ავთენტურია თუ არა აუდიოჩანაწერი, რომც დავუშვათ, რომ ავთენტურია, საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე
ავთენტურია თუ არა ჩანაწერი, არავინ იცის, რომც იყოს ავთენტური, ბუნებრივია, აქ არაფერზეა საუბარი. რომც დავუშვათ, რომ ეს ჩანაწერი არის ავთენტური, აქ საუბარია რაღაც სავაჭრო ურთიერთობებზე, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, სადაც, თითქოს, „ქართული ოცნების” დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს ესაუბრება.
კობახიძის თქმით, ის, რომ საქართველო რუსეთის ფედერაციასთან ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო.
“საქართველოს ამ თემაზე ოფიციალური ინფორმაცია აქვს დაფიქსირებული. კერძოდ, საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. ხდება ექსპორტი და იმპორტი. ეს ჩვენი გაცხადებული პოზიციაა, ამაში არაფერია კანონსაწინააღმდეგო. გარდა ამისა, პროდუქტის იმპორტირება ხდება მხოლოდ ადგილობრივი მოხმარებისთვის. უკრაინა რომ ავიღოთ, ისინიც ინარჩუნებენ გარკვეულ სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, რუსეთიდან ხდება უკრაინაში გაზის მიღება და შემდეგ ხდება ამ გაზის ტრანზიტით გადაცემა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის. აქედან გამომდინარე, იმაში, რომ საქართველო ინარჩუნებს სავაჭრო ურთიერთობებს, არაფერია ამორალური,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.