თუ ვინმეს სურს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაშინ ეს ყველაზე სარისკო ფსონია – თქვენ დაკარგავთ ყველაფერს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი თქმით, დღეს, რუს სამხედროებზე მითითებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ამოცანა ახლა, თითქოს უკრაინის სამხრეთზე კონტროლის დამყარება და მოლდოვის საზღვართან მისვლაა, სადაც თითქოს რუსულენოვანთა უფლებები ირღვევა.
„მართალი გითხრათ, ტერიტორია, სადაც რუსეთმა რუსულენოვანთა უფლებებზე უნდა იზრუნოს, თავად რუსეთია, სადაც არ არის სიტყვის თავისუფლება, არ არის არჩევანის თავისუფლება, უბრალოდ არ არის განსხვავებული აზრის უფლება, სადაც სიღარიბე ყვავის და სადაც ადამიანის სიცოცხლე არაფრად ღირს. იმდენად, რომ ჩვენთან მოდიან, ომში მიდიან, რომ მოიპარონ რაღაც, რაც ნორმალურ ცხოვრებას წააგავს. ადრე უდიდეს ოცნებაზე ამბობდნენ: ნახო პარიზი და მოკვდე! მათი საქციელი ახლა შოკისმომგვრელია. მათი ოცნება ახლა არის: მოიპარო უნიტაზი და მოკვდე!“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.