ილია ღუდუშაური: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 1-ლი ივნისიდან 150 ლარამდე, ხოლო 1-ლი იანვრიდან 200 ლარამდე გაიზრდება

ილია ღუდუშაური

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ილია ღუდუშაურის განცხადებით, 1-ლი ივნისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150 ლარამდე, ხოლო 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 200 ლარამდე გაიზრდება.

როგორც მინისტრის მოადგილემ “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, აღნიშნული პროცესი განგრძობითი ხასიათის იქნება და სამომავლოდაც იგეგმება, რომ ეს თანხა ეტაპობრივად გაიზარდოს.

“როგორც იცით, პრემიერის ინიციატივით, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. ასევე გაფართოვდა ბენეფიციარების სია და თუ ადრე 100 000 ქულაზე ნაკლების მქონე ოჯახში მცხოვრები ბავშვები იღებდნენ ამ დახმარებას ახლა ეს ზღვარი გაიზარდა და 120 000 ქულა გახდა. ჯამში ბენეფიციართა რაოდენობამ 220 000 ბავშვი შეადგინა.

ორშაბათს პრემიერმა ახალი ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, პირველი ივნისიდან ამ 220 000 ათას ბავშვს სოციალურად დაუცველთა დახმარება 150 ლარამდე გაეზრდება, ხოლო 2023 წლის 1-ლი იანვრიდან, დღევანდელთან შედარებით, მათი დახმარება გაორმაგდება და 200 ლარი გახდება.

აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარი გამოიყოფა. ეს პროცესი, ასე ვთქვათ, იქნება განგრძობითი და მომავალშიც იგეგმება, რომ ეს თანხა ეტაპობრივად გაიზარდოს”, – განაცხადა ილია ღუდუშაურმა “კვირასთან” საუბრისას.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები