„მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო“ – თავდაცვის მინისტრმა „ძლიერთა თამაშებში“ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა

თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ იმედის საინფორმაციო გადაცემაში „ქრონიკა“ თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდს ჰააგაში მიმდინარე „ძლიერთა თამაშებში“ წარმატებით ასპარეზობა მიულოცა და გუნდის მიღწევებზე ისაუბრა: „წელს ჩვენ მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ჩვენი მოცულობის ქვეყნისთვის ეს არის ძალიან დიდი წარმატება.“

ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ ჰააგაში ვიზიტისას გაერთიანებული სამეფოს სასექსის ჰერცოგს (პრინცი ჰარი) შეხვდა და მასთან სამომავლოდ ტურნირის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილა. „მიუხედავად იმისა, რომ გრაფიკში უკვე არის რამდენიმე წელი დაჯავშნილი, თუ სად უნდა გაიმართოს აღნიშნული ღონისძიება, მე ვისაუბრე პირადად პრინცთან ამის თაობაზე და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავაგრძელებთ განხილვას, რომ საქართველო იყოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძელი“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების 20-კაციანი ჯგუფი ნიდერლანდებში იმყოფება სადაც 16 აპრილიდან 22 აპრილის ჩათვლით „ძლიერთა თამაშები“ (Invictus Games) იმართება. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების გუნდმა „ძლიერთა თამაშებში“ 1500 და 200 მეტრ მანძილზე სირბილში ორი ოქროს, მჯდომარე ფრენბურთში და 100 მეტრიან დისტანციაზე მორბენალთა შეჯიბრში ორი ვერცხლის, ხოლო ლენდროვერ ჩელენჯში და 100 მეტრიან ეტლით რბოლაში ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები