ირაკლი ქადაგიშვილი – „ლელოს“ ინიციატივაზე: ფილმი “ზორო” აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ
ჩვენს ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი, – ასე გამოეხმაურა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი „ლელოს“ საკანონმდებლო ინიციატივას.
ქადაგიშვილის თქმით, რუსული აგრესიული პოლიტიკის პროპაგანდის სიმბოლოები საქართველოში ისედაც არ გამოიყენება.
“ჩვენს ანბანში Z და V სხვანაირი ფორმის არის და დაგვანებონ თავი. Z და V ლათინური სიტყვებიდან ამოვიღოთ, ფილმი “ზორო”აღარ გავუშვათ თუ რა ვქნათ? ვერ გავიგე, რა უნდა გავაკეთოთ. არსებობს საერთაშორისო ბრენდები, სადაც Z და V ასე თუ ისე გამოყენებულია, აქედან გამომდინარე, არ ვიცი როგორ უნდა ავკრძალოთ. ზოგადად საქართველოში პროპაგანდა არ ხდება. ერთ- ერთმა მწერალმა თქვა, რომ “ჯარისკაცის მამაც“ იმ პროპაგანდის ნაწილიაო, ავკრძალოთ „ჯარისკაცის მამაც“? ხშირად გვაქვს იდეოლოგიურ და პოლიტიკურ სპეკულაციასთან საქმე. ჩვენთან არც „გეორგიევსკის ლენტი“ გამოიყენება და არც სხვა რაიმე ნიშანი რაც რუსული აგრესიის პროპაგანდის ნიშანია. ჩვენ თუ ასე წავედით, მაშინ “გიორგი სააკაძეც” უნდა ავკრძალოთ, რადგან რუსეთია ნახსენები და საბჭოთა პერიოდში გადაღებულია და “ჯარისკაცის მამაც” უნდა ავკრძალოთ. მე ვფიქრობ, ამას უფრო კამპანიური ხასიათი აქვს,”- განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო” საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის და რუსეთის აგრესიული პოლიტიკის სიმბოლოების, კერძოდ, წმინდა გიორგის ლენტის, ასევე, Z- და V სიმბოლოების გამოყენების აკრძალვას ითხოვს.