ალუდა ღუდუშაური – “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშზე: რამდენიმე საფეხურით და, ამ შემთხვევაში, ერთი საფეხურით ქვევით დაწევა, ეს დიდად სურათს არ ცვლის
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშს გამოეხმაურა.
“რამდენიმე საფეხურით და, ამ შემთხვევაში, ერთი საფეხურით ქვევით დაწევა, ეს დიდად სურათს არ ცვლის. საქართველო ერთი საფეხურით არის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არიან ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული, მოწინავე ქვეყნები არიან და რამდენიმე საფეხურით არის მათთან დემოკრატიის ინდექსის ქვევით დაწევა. ეს განპირობებულია, დიდწილად, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. მთელი რიგი შეზღუდვები, რომელიც დააწესეს სახელმწიფოებმა და ეს იყო ადამიანის ზოგიერთი უფლების შეზღუდვა”, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.
ცნობისთვის, Freedom House-მა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში „ქვეყნები გარდამავალ პროცესში“ (Nations in Transit), რომელიც 29 ქვეყანაში დემოკრატიის მდგომარეობას აფასებს. ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მაქსიმალური 100-დან 35 ქულა აქვს მინიჭებული და ის შეფასებულია, როგორც გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმი. წინა წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება ერთი ქულით არის შემცირებული.