საქართველოს პარლამენტის მიერ 12 აპრილს მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე, მხოლოდ დღეს საქართველოს მასშტაბით სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაახლოებით 250 ადამიანი დატოვებს.
ამასთან, როგორც ცნობილია, პატიმრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებს მომდევნო დღეებშიც, ეტაპობრივად დატოვებენ.
გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე და თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური დახვდნენ.
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონი 12 აპრილს მიიღო. კანონის მიხედვით მსოფლიოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების შედეგად გამოწვეული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ პატიმრობაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების კომპენსირების მიზნით, ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირებს სასჯელი შეუმცირდათ და პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდი სასჯელის მოხდის ვადაში განსხვავებული წესით ჩაეთვალათ.