დაახლოებით, 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი” და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
მინისტრის ინფორმაციით, 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.
„დღეს გაიმართა მთის საბჭოს სხდომა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, სადაც წარვადგინეთ ანგარიში 2021 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით განხორციელებული პროექტების შესახებ.
დაახლოებით, 3 მილიონი ლარი მიიმართა ფონდიდან ამ ღონისძიებებისთვის და დაფინანსდა, როგორც გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა, ასევე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, ასევე – ახალი ბაღების გაშენება. ამავდროულად, განვიხილეთ 2022 წლის გეგმა. დაახლოებით 5 მილიონი ლარი იქნება გამოყოფილი 2022 წელს მაღალმთიან დასახლებებში სოფლის მეურნეობის პროექტების განხორციელებისთვის, როგორიც არის აგროდაზღვევის პროექტი, „დანერგე მომავალი” და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამა”, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.