“ხელისუფლებამ გაეროს რეკომენდაციები ისე გაიგო, როგორც სურდა“

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების წარმომადგენელებმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის რეკომენდაციები დამახინჯებულად აღიქვეს. მაჭავარიანის თქმით, ანგარიშში არსებული ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების დაჭერაზეა საუბარი. ოპოზიციონერი დეპუტატი აცხადებს, რომ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, აღნიშნული დასკვნა რეპრესიების საფუძვლად გამოიყენოს. „ანდაზა გამახსენდა – მელას რაც ესიზმრებოდა, ის ელანდებოდაო. ჩვენმა მთავრობამ ეს ანგარიში ისე გაიგო, როგორც უნდოდა. საუბარია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე, საუბარია ერთადერთი და მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერების დაჭერაზე, მათ წინააღმდეგ საქმის აღძვრაზე. საუბარია წამების ფაქტებზე, რომელთა გამოძიება ხელისუფლებამ 2012 წელს დაიწყო. სამწუხაროდ, წამების მთავარი მონაწილეების მიმართ, როგორიცაა ლადო ბედუკაძე და კიდევ სხვა ადამიანები, ძალიან მსუბუქი სასჯელი იქნა გამოტანილი. ამიტომ ახლა საფუძვლად დადება იმისა, რომ გაეროს დოკუმენტი წარმოადგენს ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების წარმოებისთვის მწვანე შუქს – ეს აბსურდულია. სადმე წერია, რომ პოლიტიკური რეპრესიები უნდა აწარმოონ?“,- განაცხადა მაჭავარიანმა. შეგახსენებთ, რომ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ საქართველოსადმი მეოთხე პერიოდული ანგარიშისთვის მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ორგანო, რომელიც გამოიძიებს ძალაუფლების გადამეტების, მათ შორის პოლიციელთა და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობის ბრალდებებს, უზრუნველყოფს აღნიშნული საქმეების გამოძიებას დაყოვნების გარეშე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემს დამნაშავეებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაულის სიმძიმის შესაბამისად დასჯის მათ, ასევე უზრუნველყოფს დაზარალებულთა სათანადო დახმარებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები