1995 წელს ირანში გატანილი 15 ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით, 1995 წელს ირანში საქართველოს საელჩოში გატანილი 15 ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრიდან 4 ექსპონატი საქართველოს ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა.
ექსპონატების საქართველოში დაბრუნების შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
ნამუშევრები ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში დროებით საექსპოზიციოდ იყო გატანილი.
ექსპონატების საქართველოში დაბრუნება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძისა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის, იოსებ ჩახვაშვილის აქტიური მუშაობითა და ძალისხმევით მოხდა.
ეროვნულ გალერეას წლების წინ ქვეყნიდან გატანილი შემდეგი 4 ნახატი დაუბრუნდა: დიმიტრი ხახუტაშვილი – „იმერეთი“; შოთა ლეჟავა – „გრემი“; ზაურ დეისაძე – „აკაკი წერეთლის ცხოვრება“; გრიგოლ ჩირინაშვილი – „შოთა რუსთაველი“.
ბრიფინგს ესწრებოდა სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, მუზეუმთა ჯგუფის – შალვა ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი ნიკა ახალბედაშვილი, რომელმაც საქართველოში დაბრუნებული ექსპონატები ჩაიბარა შესაბამის ფონდებში დასაბრუნებლად.
აღსანიშნავია, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ეროვნული გალერეიდან 1995 წელს გატანილი 15 ექსპონატის შესახებ, არც საქართველოს ეროვნულ გალერეას და არც საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, რომელშიც ეროვნული გალერეა 2005 წელს გაერთიანდა, 2012 წლამდე არავისთვის მიუმართავთ. მოცემული ექსპონატების შეკრება პირველად განახორციელა ირანში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ 2012 წელს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს შორის 2012 წლის ბოლოდან წარმოებული მიმოწერით დასტურდება, რომ 15 ექსპონატიდან 11 დაკარგულად მიიჩნევა.
შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება.
კულტურის სამინისტროს ინიციატივით და ძალისხმევით, 2021 წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო – ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).
ასევე, 2021 წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი 4 ფერწერული ტილო, ესენია: ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“.
2021 წლის ნოემბერში კი, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს დაუბრუნდა საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები, რომლებიც წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა. საქართველოში შემდეგი ექსპონატები დაბრუნდა: ბორის ფოგელი – ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე – ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი – ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი – ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო – ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი – „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).