ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი „პატიმრობის კოდექსში” ცვლილების შესატანად ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობას გეგმავს
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს, რომელიც „პატიმრობის კოდექსში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებს.
პარლამენტის ინფორმაციით, ბრალდებულთა დაცვის უფლებისა და, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით, სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია, პატიმრობის კოდექსში პირდაპირ იყოს მითითებული, რომ ბრალდებულებს, რომელთა მიმართ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებით შეზღუდულია სატელეფონო საუბრის უფლება, აქვთ აღნიშნული შეზღუდვის ფარგლებში ადვოკატთან სატელეფონო საუბრის უფლება. როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი მასალებიდან იკვეთება, პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, რომელთაც გამომძიებლისა და პროკურორის დადგენილებით შეზღუდული აქვთ პირადი სატელეფონო საუბრის უფლება, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციები არც ადვოკატებთან სატელეფონო კომუნიკაციის უფლებას აძლევენ.
აღნიშნულის მიზეზს სახალხო დამცველი იმაში ხედავს, რომ ადვოკატი არ არის მითითებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ იმ საგამონაკლისო აბონენტთა ჩამონათვალში, რომლებთან კონტაქტი პატიმრებს შეუძლიათ შეზღუდვის არსებობის მიუხედავად. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, აღნიშნულ პრობლემაზე მუშაობა მნიშვნელოვანია, თუმცა განსხვავებული მიმართულებით.
„ჩვენ გვაქვს გარკვეული იდეები, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრის გზა წარმოვადგინოთ საკანონმდებლო რეგულაციის გზით.
კერძოდ, პატიმარს, რომელიც შეზღუდვის ქვეშ იმყოფება, ან მაგალითად, ლიმიტი ამოეწურა, ჰქონდეს შესაძლებლობა ციხის ადმინისტრაციას მიმართოს და ციხის ადმინისტრაცია ვალდებული იყოს, უმოკლეს ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია უშუალოდ ადვოკატს, რომელიც ემსახურება ამ კონკრეტულ პატიმარს”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით კომიტეტი ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე იმუშავებს. დღესვე კომიტეტმა „სოციალური დახმარების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა, რომელიც საარსებო შემწეობის ინდექსაციის წესის განსაზღვრას ეხება. პარლამენტის წევრის, ბექა ლილუაშვილის განმარტებით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პირდაპირი წესით გაიზრდება საარსებო შემწეობის მიმღებ პირთა შემწეობის მოცულობა. კომიტეტმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.