არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში, სრული ურთიერთგაგება იყო ჩვენსა და ჩვენს მეგობრებს შორის
„ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ საქართველოს პარლამენტის სახელით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ მხარდაჭერა უკრაინის, უკრაინელი ხალხის მიმართ”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი.
თალაკვაძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინის მხარდასაჭერად, შესაძლებლობების ფარგლებში, ყველაფერს აკეთებს.
“ვიზიტი ძალიან პოზიტიური იყო იმ კუთხითაც, რომ პარლამენტის თავმჯდომარეებმა ისაუბრეს ყველა მნიშვნელოვანს საკითხზე და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელს შეუწყობს საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებას შორის ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას და ამის გადატანას უფრო პოზიტიურ დღის წესრიგში. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის მიმართ. საქართველო ყველაფერს აკეთებს რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად. ამასთან დაკავშირებით ვიზიტის ფარგლებში სრული ურთიერთგაგება იყო ჩვენსა და ჩვენს მეგობრებს შორის, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ერთში, რომ საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ნამდვილად არიან ისეთი პარტიები, იქნება ეს ომის პარტია თუ ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ინტერესებს ღალატობენ, რომლებსაც არ სურთ, რომ ჩვენი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში და თანამშრომლობით განზომილებაში იყოს. ამას ვერ გააკეთებს “ნაციონალური მოძრაობა”, სადაც არ უნდა ჩაასწრონ და გამოასწრონ, ისინი პოლიტიკურ ობსაიდში არიან“, – განაცხადა თალაკვაძემ.