შალვა პაპუაშვილი: რაც უკრაინაში ვნახეთ, საზარელია – ჩვენთვის ეს ნაცნობია და მან ჩვენში საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა
რა თქმა უნდა, ის, რაც ჩვენ ვნახეთ, არის საზარელი და მე იქაც აღვნიშნე, რომ, სამწუხაროდ, საზარელთან ერთად, ქართველებისთვის ეს არ არის პირველი, როდესაც ჩვენ ასეთი სურათები ვნახეთ. ჩვენ ასეთი სურათები გვახსოვს 1990-იანი წლებიდან, გვახსოვს 2008 წლიდან. ეს ჩვენთვის ნაცნობია და გარკვეულწილად საქართველოში ნანახი ტრაგედია გააღვიძა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მთავარი ახლა არის არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ – სამართლებრივი შეფასებები.
“მე ჩემს კოლეგასთანაც მქონდა საუბარი და ესაა მნიშვნელოვანი, რასაც უკრაინის ხელისუფლება აკეთებს, ჩვენთან 1990-იან წლებში არ იყო ამის საშუალება, ამის სამართლებრივი დოკუმენტირება. ბუჩაში სამარხი, სადაც არის ფრანგი კრიმინალისტები და უცხოელი ექსპერტები მუშაობენ და ეს არის ახლა მთავარი. მთავარი ახლა არის არა პოლიტიკური განცხადებები, არამედ სამართლებრივი შეფასებები. სწორედ ამიტომ ჰააგის სასამართლო არის ის ინსტანცია, სადაც უნდა მოხდეს ყველა ამ დოკუმენტაციის შექმნა და შემდეგ გადაწყვეტილების მიღება. ერთი დღით ადრე ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორი იყო ჩასული და ჩვენ გამოცდილება გვაქვს ამ კუთხითაც ჰააგის სასამართლოსთან ურთიერთობის და ყველანაირად შეგვიძლია, დავეხმაროთ.
რა თქმა უნდა, რასაც იქ ვხედავდით შეიცავს ომის დანაშაულის ნიშნებს და ფაქტია, რაც ვნახეთ საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას და აქ უნდა იყოს ახლა ყველა ჩართული”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.