ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსის „მედეას ბურკას” პრემიერა შედგა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 16 აპრილიდან დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ინსტალაცია-პერფორმანსი „მედეას ბურკა” იქნება წარმოდგენილი. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ექსპოზიცია-პერფორმანსის პრემიერას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი დაესწრო. ​

მათივე ინფორმაციით, ექსპოზიცია-პერფორმანსს წარადგენს შემოქმედებითი კავშირი „ვან ენდ არტი” და დამთვალიერებელს მისი ხილვა 22 აპრილამდე შეუძლია.

„ექსპოზიცია-პერფორმანსი მოიცავს ინსტალაციას, ვიდეონამუშევარს, სკულპტურას, პიესა-საინტერპრეტაციო ტექსტსა და მუსიკალურ ნაწილს. „მედეას ბურკა” ოთხ სივრცეში იქნება წარმოდგენილი, რაც, ასევე, პერფორმანსის ექსპოზიციური ნაწილია.
დამთვალიერებლებს დღის განმავლობაში საშუალება ექნებათ, ექსპოზიციის ნაწილი იხილონ, ხოლო საღამოს საათებში დაესწრონ ამ საექსპოზიციო ინსტალაციაში გამართულ პერფორმანსს.
ინსტალაცია-პერფორმანსის „მედეას ბურკას” რეჟისორია იოანე (ვანო) ხუციშვილი, ხოლო მხატვარი – შოთა ბაგალიშვილი, მუსიკალური გაფორმება – გიორგი ჯიქია, პერფორმერი – ენდი ძიძავა, თარგმანი – სოფიო შამანიდი, ეროვნული გალერეის კურატორი თამარ ლომსაძე.

„მედეას ბურკა” წარმოადგენს მედეას ახლებურ გააზრებას, რომელიც ეყრდნობა ბერძენი დრამატურგის, ანდრეას ფლურაკისის ამავე სახელწოდების მონო-პიესას. მისი მთავარი კონცეფციაა, მედეას და მედეას ბურკის სხვადასხვა სტიქიებით გააზრება, მედეა, როგორც სტიქია და მედეას ბურკა, როგორც სტიქიები (მიწა და წყალი).

ინსტალაცია-პერფორმანსი 16 აპრილიდან 22 აპრილამდე გაგრძელდება. პრემიერის შემდეგ პერფორმანსი 17, 19, 20 და 21 აპრილს 16:30 საათზე გაიმართება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები